ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე:
დღევანდელ რექტორთა საბჭოზე რაც ითქვა, უნივერსიტეტების გამოშიგნვას უფრო ჰგავს, ვიდრე რეფორმას. დაგეგმილია, რომ დაანონსებული ცვლილებების პირველი ეტაპი დაიწყოს 2026 წლის თებერვლამდე – თებერვალში უკვე უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა პროგრამები უნივერსიტეტებში.
ამ ცვლილებებით:
ა) სახელმწიფო უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ პროფილები, რომელ პროგრამებზე ექნებათ აბიტურიენტების მიღების უფლება სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში. შესაბამისად, სხვა პროგრამების განხორციელების უფლება არ ექნებათ. ეს ეწინააღმდეგება ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.
ბ) საბაკალავრო პროგრამები, გარდა გამონაკლისისა, გახდება სამწლიანი. რომელი იქნება გამონაკლისი, ჯერ არ ვიცით, თებერვლამდე უნდა დადგინდეს.
გ) სამაგისტრო საფეხურზე სახელმწიფოს მიერ მონიჭებული პროფილებისა და დადგენილი კვოტის ფარგლებში შეგვეძლება გვქონდეს როგორც ერთწლიანი (პროფესიული), ასევე ორწლიანი (აკადემიური) პროგრამები.
დ) სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გარდა გამონაკლისისა, აღარ ექნებათ უფლება, ჰყავდეთ უცხოელი სტუდენტები. ოღონდ ამ გამონაკლისებში არ შევა მედიცინა. ესეც არაკონსტიტუციურია.
ვის და როგორ შეეხება ამ პირველი ეტაპის ცვლილებები:
1) საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებს შეეზღუდებათ არჩევანი, ვერ აირჩევენ იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც სექტემბერში უკვე ცნობილი იყო მათთვის (იხ. 2026 წლის პროგრამების და ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი https://naec.ge/#/ge/post/3463) და ისინი ამის მიხედვით ემზადებიან ჩასაბარებლად. ამასთანავე, მკვეთრად შემცირდება ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
2) სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და მოწვეულების დატვირთვა, შესაბამისად, ანაზღაურება შემცირდება. უდაოა, რომ ჯერ შემცირდება პროფესორ-მასწავლებელთა და მოწვეულთა ანაზღაურება და მერე მათი რაოდენობაც.
3) სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს გამოიწვევს ქაოსს, მაგ. დეკემბრის ბოლოს როგორ უნდა დავგეგმოთ უნივერსიტეტებმა ბიუჯეტი და განვსაზღვროთ ფინანსური მოლოდინები? რის მიხედვით? თებერვალში რომ გვეტყვიან, როგორ გადაწყვეტეს ჩვენ გარეშე პროფილების, მისაღები რაოდენობის და საფეხურებზე ხანგძლივობის საკითხი? ბიუჯეტის და ფინანსური მოლოდინების განსაზღვრა დამოკიდებულია სტუდენტების საგრანტო დაფინანსების ოდენობაზე. ამ ეტაპზე არ ვიცით, როგორ იცვლება საგრანტო დაფინანსება.
4) როგორ განვსაზღვროთ კვლევის ბიუჯეტი? ყოველწლიურად ილიას უნივერსიტეტი აფინანსებს მის მიერ დაფუძნებულ კვლევით ინსტიტუტებს, და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ – კვლევის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს. ნოემბრის ბოლოს უნდა დაიგეგმოს და დეკემბრის ბოლოს დამტკიცდეს.
5) თუკი უნივერსიტეტს სახელმწიფო რეგულაციით აეკრძალება კონკრეტული პროგრამების განხორციელება, საერთაშორისო სტუდენტების მიღება კონკრეტული მიმართულებით, ეს რანაირად არ არის აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის შეზღუდვა. მით უმეტეს, თბილისში არც ერთ მულტიპროფილურ სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ, ტექნიკური, ილიაუნი) საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა არ აღწევს 5%-ს.
არსად, მთელ მსოფლიოში, არ არსებობს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების და პროგრამების სრულად შეზღუდვის ანალოგი. ზოგიერთი ქვეყანა მხოლოდ განსაზღვრავს გონივრულ პროპორციებს, მაგრამ სრულად შეზღუდვის მაგალითი არ მოიძებნება”, – წერს დობორჯგინიძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.



