ლოგისტიკური კომპანია “კაიროს ლოგისტიკი” მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეგიონულ ექსპანსიას გეგმავს. სამომავლო გეგმების შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ისაუბრა.
“ვაპირებთ ექსპანსიას და განვითარებას უახლოესი ორი წლის განმავლობაში, განცხადება გაკეთებული გვაქვს 100 000 პალეტის ადგილზე თბილისსა და ფოთში. ვაპირებთ, უფრო მეტად განვახორციელოთ რეგიონალური ექსპანსია, რათა მეტი ტვირთი მოვიზიდოთ საქართველოს გავლით. შემდეგი ეტაპი კი კომპანიის ელექტრონიზაცია იქნება, რადგან e-commerce სექტორი ძალიან სწრაფად იზრდება და მოთხოვნა ჩნდება”, – განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.
“კაიროს ლოგისტიკის” დირექტორმა BMG-სთან საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის პოტენციალსა და რისკებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ინდუსტრია სწრაფი ტემპით იზრდება, რასაც, ძირითადად, სამი ფაქტორი განაპირობებს.
“პოტენციალი უზარმაზარი გვაქვს, რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე: საქართველო ხდება რეგიონალური ჰაბი, იზრდება e-commerce, იზრდება მოთხოვნა A კლასის საწყობებზე… შეიძლება ითქვას, რომ B და C კლასის საწყობების 80% უკვე ამორტიზებულია, დღეებს ითვლიან. გარდა ამისა, ქალაქში საწყობები ქონა უკვე აღარ არის პრაქტიკული, მიწაც ბევრად ძვირი ღირს და ეს ქაჩავს ბაზარს ზემოთ”, – განმარტავს ნამადოვი.
A კლასის მშრალი საწყობი მინიმუმ 12 მეტრის ჭერის მქონე ერთსართულიანი, თანამედროვე, მსუბუქი კონსტრუქციაა, სენდვიჩ-პანელებითა და საპარკინგე სივრცით. B კლასის საწყობის ჭერის სიმაღლე მინიმუმ 8 მეტრია, C კლასის კი – 4 მეტრი. B და C კლასების შემთხვევაში კონსტრუქცია შეიძლება მრავალსართულიანი იყოს, შენობა კი რეკონსტრუქცია ჩატარებული ან წარსულში ანალოგიური დანიშნულების მქონე.
რისკებზე საუბრისას მიხეილ ნამადოვი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მოვლენები ამ ინდუსტრიაზეც აისახება, თუმცა, ყველაზე ბოლოს.
“ეს ინდუსტრია, გარდა იმისა, რომ სტრატეგიული ბიზნესია და სასაწყობე ბიზნესის ზრდის “თრიგერი” იყო პანდემია, როდესაც სტრატეგიული მარაგების შექმნა იყო დავალებული, გადავსებული იყო თბილისში საწყობები და ერთადერთი ბიზნესი იყო, რომელიც მუშაობდა. დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია, აბსტრაქტულად რომ ავიღოთ, წესით, ყველაფერს უნდა შეეხოს, ამ სექტორს ბოლოს შეეხება. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი, სტრატეგიული მდგომარეობის ქვეყანა ვართ, ყველა ვარიანტში საჭიროა, რომ ტვირთი გავიდეს, შემოვიდეს, დასაწყობდეს, თუმცა არის გეოპოლიტიკური რისკები.
