ფინანსთა სამინისტრომ დარგში საგადასახადო დანახარჯების გავლენის შეფასება დაასრულა. ანგარიში აჩვენებს, რომ ნულოვანი დაბეგვრის შემოღების წმინდა ეფექტი ეკონომიკაზე დადებითია პირველი ორი წლის განმავლობაში, რაც გულისხმობს მშპ-ზე დადებით გავლენას, თუმცა მესამე წლიდან სხვა სექტორებზე უარყოფითი გავლენა წმინდა ეფექტს უარყოფითს ხდის.
Tax & Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გვიხნის, რომ საგადასახადო შეღავათს, რომელსაც ადგილობრივი წარმოება უნდა წაეხალისებინა უკუეფექტი ჰქონდა. მისი თქმით, დღეს ფერმერებს რესტორნებთან თანამშრომლობა უჭირთ, შესაბამისად, ცდილობენ, პროდუქცია მაინც დაბეგრონ და შემსყიდველებს დღგ-ს ჩათვლის საშუალება მისცენ. ზურაბ ძნელაშვილის ინფორმაციით გამოსავლის ამ ფორმით ძიება პრობლემებს მაინც ქმნის, რადგან შემოსავლების სამსახური ჩათვლას არ აღიარებს და შემსყიდველი ჯარიმდება.
მისი თქმით, აუციელებელია შემოსავლების სამსახურმა ამ კუთხით პრაქტიკა შეცვალოს და თუ ფერმერს შეღავათით სარგებლობა არ სურს ეს უფლება შეუნარჩუნოს, ისე როგორც ამას კანონმდებლობა გვეუბნება. მისი თქმით, დღეს პრაქტიკაში შემოსავლების სამსახური შეღავათს როგორც ვალდებულებას ისე აღიქვამს და არა როგორც უფლებას, რომლის სარგებლობაზეც უარის გაცხადება ფერმერს შეუძლია.
“პოტენციური შემსყიდველები მიისწრაფიან ისეთი პროდუქციის შეძენისკენ, რომელიც დღგ-თი იბეგრება. შესაბამისად, მივიღეთ პირიქით, იმპორტირებულ პროდუქციაზე უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა, ვინაიდან ამ დროს დღგ-ს ჩათვლის საშუალება აქვს შემსყიდველს, ხოლო ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილი პროდუქცია, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-სგან შემსყიდველი ჩათვლას ვერ აკეთებს.
ფერმერებმა ეს სიტუაცია რომ ნახეს შეეცადნენ ადაპტირებას და დაიწყეს თავიანთი პროდუქციის დაბეგვრა დღგ-თი. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობის, ისე ფინანსთა სამინისტროში მუშაობის დროს ძალიან ბევრი დავა გვაქონდა ასეთი. ფერმერებმა დაიწყეს თავიანთი პროდუქციის დაბეგვრა დღგ-თი, არაფერს არ მალავდნენ, შეეძლოთ არ დაებეგრათ დღგ-თი, მაგრამ ბეგვრავდნენ. შემსყიდველი კი ითვლიდან დღგ-ს. თუმცა შემოსავლების სამსახურმა როდესაც დაიწყო შემძენების შემოწმება, ჩათვალეს, რომ ჩთვლის მიღების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ეს პროდუქცია გათავისუფლებული იყო დღგ-გან. შესაბამისად, დაიწყეს დღგ-ს ჩათვლების გაუქმება და კომპანიების დაჯარიმება. რეალურად ამ შეღავათმა იმის მაგივრად რომ ადგილობრივი სოფლის მეურნეობა წაეხალისებინა, შარში გახვია ძალიან ბევრი მეწარმე და ხელი შეუწყო იმპორტის რეალიზაციას,”- ამბობს Tax & Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი.
სოფლის მეურნეობის წახალისების, ადგილობრივი წარმოების ზრდისა და იმპორტირებულ პროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებისთვის სოფლის მეურნეობის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების ნულოვანი გადასახადი 2012 წლიდან მოქმედებს.
