„დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევაში, გაჩნდება შანსი, რომ გაჩერებული მშენებლობები დასრულდეს“, – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საინჟინრო აკადემიის წევრი, თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი კანონპროექტს, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დღგ-სგან გათავისუფლების 2028 წლამდე გადავადებას ეხება.
როგორც არქიტექტორი აღნიშნავს, დაუსრულებელ მშენებლობებს მოქალაქეები ათწლეულებია ელოდებიან, იმ შემთხვევაში კი თუ შეღავათები გაგრძელდება და მშენებლობების დასრულდება, ამ ადამიანების პრობლემა მოიხსნება.
„ეს არის მამოტივირებელი ნაბიჯი. დაუსრულებელი მშენებლობების ნაწილში ისეთი პრობლემებია ხოლმე, რომ რიგ შემთხვევაში სასამართლო პროცესებია, ზოგი დაყადაღებულია და ა.შ. არის ობიექტი, რომელიც გაჩერებულია რიგი მიზეზების გამო და ვერ აგრძელებენ მუშაობას, დღგ-ს თუ მოვუხსნით, შანსია, რომ ეს მშენებლობა დამთავრდეს. ამის გარეშე ისედაც ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ეს მშენებლობები დასრულდება.
მეორე საკითხია ის, რომ დაუმთავრებელ მშენებლობებს ელოდება ათასობით ოჯახი, თუ დასრულდება ეს ობიექტები, ამ ხალხის პრობლემა მოიხსნება. აქ საუბარი არ არის მხოლოდ მშენებლებისთვის დღგ-ს მოხსნაზე, აქ საუბარია ხალხზე, რომელიც ათწლეული ბინას ელოდება, მათ შანსი უჩნდებათ, რომ ბინა მიიღონ. ამასთან ერთად, მშენებლობის დასრულების შემდეგ ბინებში რემონტი რომ დაიწყება, სამუშაო ადგილი გაჩნდება და რიგ პროდუქტებზე მოთხოვნა გაჩნდება. ჩემი აზრით, სწორი იქნება, თუ შეღავათს გააგრძელებენ“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ირაკლი როსტომაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების ვადა შესაძლოა, გახანგრძლივდეს. აღნიშნული ცვლილებების შეტანა დაგეგმილია საგადასახადო კოდექსში. კანონპროექტის მიხედვით, შეღავათები გავრცელდება იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომელთა მშენებლობაც 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობები სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან ჯერ კიდევ 2015 წელს გათავისუფლდნენ. მოგვიანებით შეღავათის დასრულება რამდენჯერმე გადავადდა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ზემოთ აღნიშნულს კანონს მიიღებს, საგადასახადო შეღავათით სარგებლობა 2028 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება შესაძლებელი.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი




