“დღგ-ის შემცირების რეალურ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, შესაძლოა გაიზარდოს კიდეც” – რითეილ-ექსპერტი (bm.ge)

რითეილ-ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საქართველოში დღგ-ის შემცირების წინაპირობები ამ ეტაპზე არ ჩანს. როგორც მან BMG-სთან სურსათის გაზრდილი ფასების შესახებ საუბრისას აღნიშნა, პირიქით, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, დღგ-ის ზრდაც კი შეიძლება მოხდეს.
„დღგ-ის შემცირების რეალურ შესაძლებლობას ვერ ვხედავ. პირიქით, შეიძლება გაიზარდოს კიდეც, რადგან ქვეყანას მუდმივად აქვს საჭიროებები და საბიუჯეტო შემოსავლის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ გზით განისაზღვრება”, – აცხადებს მანჯგალაძე.
მისივე შეფასებით, ამ დროისთვის არ შეიმჩნევა არანაირი სიგნალი, რომ სახელმწიფო ბიზნესის მხარდაჭერისა და ხარჯების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს აპირებს.
„ვერ გეტყვით, რომ იგრძნობა დამოკიდებულება, რომელიც მეწარმეებს მეტი სტიმულისკენ უბიძგებს. ვერც იმას ვხედავ, რომ კონკრეტულ პროდუქციაზე პროცესი დღგ-ის შემცირებისკენ წავიდეს“, – აღნიშნა მან.
მანჯგალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის მიმართულებით გარკვეული სტიმულები უკვე არსებობს, მათ შორის ადგილობრივი წარმოებისთვის ან ბრუნვის პრინციპით – ახალ ინიციატივებს, რომლებიც ბიზნესს ხარჯების შემცირებაში დაეხმარებოდა და წარმოების გაზრდას წაახალისებდა, დღეს ბაზარზე არ შეინიშნება.
bm.ge