დუშეთში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მე-11 რეგიონული ოფისი გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აპარატის მე-11 რეგიონული ოფისი გახსნა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობასა და მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით სახალხო დამცველის საქმიანობაზე ისაუბრეს.
“გახსნას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ახლადარჩეული მერები, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისები 11 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. მცხეთა-მთიანეთის ოფისი დუშეთში, აღმაშენებლის ქ. N-19ბ არის განთავსებული და მცხეთის, მთიანეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებს დაფარავს. ოფისში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჯემალ ბორცვაძე იქნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რეგიონული ოფისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე www.ombudsman.ge ‎