„დუმილის ხელშეკრულება“ კომპანიებისა და ცნობილი სახეების ცხოვრების ნაწილი ხდება

საიდუმლოს გაუთქმელობის, ანუ კონფიდენციალურობის ხელშეკრულებები, რომელიც, ასევე, ცნობილია, როგორც NDA, მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. დასავლეთში მან ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია.
ამის შესახებ გამოცემა The Cut წერს.
ე.წ. გაუთქმელობის ხელშეკრულებებს ხელს აწერენ კორპორაციები და ცნობილი სახეები, სასტუმროები და კოსმეტიკური კომპანიები, მილიონერები საქმიან შეხვედრებზე და ჩვეულებრივი ადამიანები პაემნებზე. ხელშეკრულების შეუსრულებლობა სერიოზულ ჯარიმებს ითვალისწინებს, ხოლო კორპორატიულ პრაქტიკაში უკიდურესი ზომა შესაძლოა, სამსახურიდან გათავისუფლებაც იყოს.

ასეთი შეთანხმება საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული ინტელექტუალური საკუთრების გაჟონვა, რაც კომპანიის მთავარი აქტივია. თუ გაჟონვა მოხდა, ამან შესაძლოა, არა მხოლოდ შემოსავალზე, არამედ კომპანიის რეპუტაციაზეც იქონიოს გავლენა.
NDA-ები ყველაზე ხშირად ისეთ სექტორებში გამოიყენება, როგორიც არის ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა, მედიცინა, ფინანსური სექტორი, მარკეტინგი და რეკლამა, იურიდიული მომსახურება, ფინტექი და თავდაცვის მრეწველობა.
NDA-ვალდებულებებს ზოგჯერ კორპორაციიდან წასვლაც კი არ აუქმებს. მაგალითად, კომპანია OpenAI-ში დასაქმებისას თანამშრომლები დებენ ხელშეკრულებას, რომელიც მათ კომპანიის კრიტიკას სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც კი უკრძალავს.
NDA კომპანიებს, ასევე, საშუალებას აძლევს, საზოგადოებას ინფორმაცია თავიანთი გეგმების შესახებაც დაუმალონ, რის შედეგადაც საზოგადოება საჯარო განხილვებში არ მონაწილეობს და უკმაყოფილებას ან უთანხმოებას ვერ გამოხატავს. მაგალითად, Google შერბერნის ოლქში მონაცემთა ცენტრის აშენებაზე ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდა, ვიდრე დისკუსიების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ საზოგადოებამდე მიაღწევდა. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა Facebook-იც. კერძოდ, ტენესის შტატში, სამნერის ოლქის ქალაქ გალატინის საბჭომ მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის კომპანიას საგადასახადო შეღავათები მიანიჭა. საზოგადოებას ამ კომპანიის, ანუ Facebook-ის ვინაობა, რომელიც ქალაქში ახალი ობიექტის აშენებას გეგმავდა, მაშინვე არ აცნობეს.
NDA-ების შეთანხმების გამო მსოფლიოს ნომერ პირველმა პოპ-ვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა ერთხელ საკუთარ სიმღერებზე უფლების დაბრუნების შესაძლებლობა დაკარგა. კერძოდ, პროდიუსერ სკუტერ ბრაუნმა, რომელიც მასთან თანამშრომლობდა, პოპ-ვარსკვლავის პირველი ექვსი ალბომი საინვესტიციო ფონდ Shamrock Capital-ს 300 მლნ დოლარად მიჰყიდა, ხოლო სვიფტის მცდელობა თრეკების გამოსყიდვაზე, ჩავარდა.
ზოგჯერ გაუთქმელობის ხელშეკრულება თანამშრომლების უფლებებს რეალურად ზღუდავს. მაგალითად, Blue Origin-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა 2021 წელს გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც „არაადამიანურ“ სამუშაო პირობებს, უსაფრთხოების ცუდ გარემოს, ტოქსიკურობასა და სექსიზმს უჩიოდნენ. მათ მოიყვანეს მაგალითი, როცა Blue Origin-მა რამდენიმე ადამიანი მას შემდეგ აიძულა, გადამდგარიყო, რაც მენეჯმენტი შიდა ფორუმზე გააკრიტიკეს, თუმცა ჯერ მათ NDA-ზე უნდა მოეწერათ ხელი.
დასავლეთში მაღალი დონის შეძლებული მილენიალები, ანუ 1980-2000-იან წლებში დაბადებული თაობა თანმხლები კონტრაქტების გარეშე პაემანზე წასვლაზე სულ უფრო ამბობს უარს. ამას სულ უფრო ხშირად ქალი მენეჯერები იყენებენ, რომლებიც ზედმეტად აფასებენ თავიანთ კარიერას, რომ რაიმე სახით გარისკონ.
ანალიტიკოსების ვარაუდით, მომავალში NDA ადამიანების ცხოვრების სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, რასაც სოციალური ქსელები და ინტერნეტ-გამოხმაურებები განაპირობებს. კერძოდ, ინტერნეტსა და სოცმედიაში გახმაურებისგან დასაცავად ქირურგები, ტრენერები და კოსმეტიკური კომპანიები თავს სულ უფრო ხშირად დაიზღვევენ და თავიანთ რეპუტაციას დაიცავენ. დასავლეთში ზოგიერთი სილამაზის სალონი უკვე უარს ამბობს მომსახურების გაწევაზე იმ დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე, რომელიც კლიენტებს საჯარო კრიტიკას ან დაბალი რეიტინგის მინიჭებას უკრძალავს. ასევე, სასტუმროები ითხოვენ, არ აცნობონ სხვა კლიენტებს, რომ არასწორად გაწეული მომსახურებისთვის რომელიმე იღბლიანმა სტუმარმა მათგან ბონუსი ან კომპენსაცია მიიღო.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე ამერიკული კომპანია გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელს აწერს, ხოლო სხვა გამოცემის თანახმად, ეს პრაქტიკა უკვე კომპანიების მესამედში არის დანერგილი.
ბიზნესპრესნიუსი