დუგინის მიმართვა ქართველ ემიგრანტებს: თუ ქვეყნის გარეთ ხარ, შენ ხარ “გამყიდველი” და შენი ხმა არ ითვლება

რუსი პროპაგანდისტი ალესანდრ დუგინი „ტელეგრამში“ კვლავ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. ამჯერად მისი ადრესატები ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებსაც დუგინი გამყიდველებს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მათ ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.

„თუ ქართველი ხარ, მაშინ შენ ცხოვრობ საქართველოში და ხმას აძლევ საქართველოს. მაგრამ თუ ქვეყნის გარეთ ხარ და ხმას აძლევ იმას, რომ საქართველო არ იყოს, როგორი ქართველი გამოდიხარ?! შენ ხარ გამყიდველი. შენი ხმა არ ითვლება. 13%-ს „ოცნებას“ მივაწერდი და დანარჩენს გავანულებდი, რადგან ისინი ქართველებს არ მიეკუთვნებიან.

ხმის მიცემა უნდა იცოდე, უნდა იყო ამისი ღირსი, რომ ხმის მისაცემად მიგიშვან. მაგალითად, რუსეთში (და სხვათა შორის საქართველოშიც) აკრძალული ლგბტ ავტომატურად ნიშნავს, რომ ის განკვეთილია. არ შეიძლება, ასეთ ასოციალურ ელემენტებს ანდო ისეთი საპასუხისმგებლო საქმე, როგორიც პოლიტიკური ხმის მიცემაა. ნარკომანების და კიდევ უფრო უარესი, ლიბერალების ადგილი კლინიკებსა და იზოლატორებშია და არა საარჩევნო უბნებზე. ჯერ საჭიროა გაიარო ფეის-კონტროლი და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირო ხმა. ისიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ ან რაიმე უფრო უკეთესის სასარგებლოდ.