დუბაიში ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის.
“ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. პრემიერმინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ხელისუფლებას თითოეულ რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილია შესაბამისი სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და ამ პროცესში ხელისუფლება ევროკავშირის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
“კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას”, – დაწერა შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა.