დრონების ალიანსი უკრაინასთან, ისრაელის დახმარების შეჩერება და გაფართოება — ევროკომისიის პრიორიტეტები

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ მოხსენება (ცნობილი როგორც SOTEU) წარადგინა.
ყოველი წლის სექტემბერში, ევროკომისიის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე გამოდის მიმართვით კავშირის მდგომარეობის შესახებ (State of the Union), რათა დეპუტატებს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ევროკავშირის შესახებ საკუთარი ხედვა და მომავლის პრიორიტეტები.
თავის გამოსვლაში ფონ დერ ლაიენმა ევროპელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
„ევროპა იდეაა — თავისუფლებისა და ერთობის ძალის იდეა. ეს იყო იდეა, რომელიც 1989 წლის შემდგომ თაობას ამოძრავებდა, როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთი გაერთიანდნენ. და ეს იდეა ახლა ისეთივე ძლიერია, როგორც მაშინ.
სწორედ ამიტომ ვაახლოებთ მომავალ წევრ სახელმწიფოებს ჩვენს კავშირთან. ვახორციელებთ ინვესტირებას, რეფორმების მხარდაჭერას, ინტეგრაციას ერთიან ბაზარზე. ამ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესში უნდა შევინარჩუნოთ ტემპი. რადგან, მხოლოდ ხელახლა გაერთიანებულ ევროპას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი ევროპა.
უფრო დიდი და ძლიერი კავშირი ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების გარანტიაა. და რადგან, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის მომავალი ჩვენს კავშირშია. მოდით, ევროპის შემდეგი გაერთიანება განვახორციელოთ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის მომავალი გაფართოების კონტექსტში მას არ უხსენებია საქართველო.
თავის გამოსვლაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა.
„პუტინის გზავნილი ნათელია. და ჩვენი პასუხიც ნათელი უნდა იყოს“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ საჭიროა მეტი ზეწოლა და სანქციები რუსეთზე.
„ამჟამად პარტნიორებთან კოორდინაციით ვმუშაობთ მე-19 პაკეტზე. ჩვენ განსაკუთრებით განვიხილავთ რუსული წიაღისეული საწვავს, ჩრდილოვანი ფლოტს და მესამე ქვეყნებს“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ევროკავშირის სამხედრო და ფინანსური დახმარება უკრაინისადმი თითქმის 170 მილიარდ ევროს შეადგენს და მეტი იქნება საჭირო.
„ტვირთი მხოლოდ ევროპელ გადასახადის გადამხდელებს არ უნდა დაეკისროთ. ეს ს ომია. და სწორედ რუსეთმა უნდა გადაიხადოს. სწორედ ამიტომ, სასწრაფოდ უნდა ვიმუშაოთ უკრაინის საომარი ძალისხმევის დაფინანსების ახალ გადაწყვეტაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება გაყინულ რუსული აქტივებზე. ამ რუსულ აქტივებთან დაკავშირებული ნაღდი ფულის ბალანსით, ჩვენ შეგვიძლია ს მივაწოდოთ რეპარაციის სესხი. თავად აქტივებს არ შევეხებით. უკრაინა სესხს მხოლოდ მას შემდეგ დაფარავს, რაც რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა, რითაც გამორიცხა გაყინული რუსული აქტივების სრულად კონფისკაცია.
ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების ახალი — ხარისხობრივი სამხედრო უპირატესობის — პროგრამა წარადგინა.
„ეს ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებში ინვესტიციების განხორციელებას. მაგალითად, ავიღოთ დრონები. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი სამრეწველო ძალა, დავეხმაროთ უკრაინული გამომგონებლობის საბრძოლო უპირატესობად გარდაქმნასა და ერთობლივ ინდუსტრიალიზაციაში. სწორედ ამიტომ ევროპა ERA სესხიდან 6 მილიარდ ევროს წინასწარ გამოყოფს და უკრაინასთან „დრონების ალიანსს“ გააფორმებს“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დააანონსა უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის სამიტი, რომელსაც ევროკავშირი უმასპინძლებს.
თავის გამოსვლაში ფონ დერ ლაიენმა დაიცვა ევროკავშირსა და -ს შორის საკამათო სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ევროპარლამენტარების ნაწილმა კაპიტულაციად შეაფასა.
„დაფიქრდით აშშ-სთან სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომის შედეგებზე“, — თქვა მან.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა ღაზაში არსებულ კრიზისზეც. ევროკომისიის პრეზიდენტმა პალესტინის დონორთა ჯგუფის ჩამოყალიბებასა და ღაზის რეკონსტრუქციისთვის სპეციალურ ინსტრუმენტის შექმნა დააანონსა.
„ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი არასდროს შეიძლება იყოს ომის იარაღი. ბავშვების გულისთვის, კაცობრიობის გულისთვის, ეს უნდა შეწყდეს“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დააანონსა სადმი ყველა ორმხრივი მხარდაჭერის გაყინვა, გარდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის განკუთვნილი დაფინანსებისა.
გარდა ამისა, ევროკომისია საბჭოს შესთავაზებს კიდევ ორ წინადადებას: სანქციების დაწესებას ექსტრემისტ მინისტრებსა და ძალადობრივ დასახლებებზე, ასევე ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებას ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
„მე ვიცი, რომ უმრავლესობის მოძიება რთული იქნება. და ვიცი, რომ ნებისმიერი ქმედება ზოგიერთისთვის ძალიან ბევრი იქნება. ზოგისთვის ძალიან ცოტა. მაგრამ ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა — პარლამენტმა, საბჭომ და კომისიამ“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის 27 ქვეყანას ხშირად უჭირს საგარეო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებების ერთხმად მიღება. ფონ დერ ლაიენმა ამ პრინციპის გადახედვისკენ მოუწოდა.
„მე მჯერა, რომ ზოგიერთ სფეროში, მაგალითად, საგარეო პოლიტიკაში, კვალიფიციურ უმრავლესობაზე უნდა გადავიდეთ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.