დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეზე

აფეთქებები იყო ს კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტემრიუკის რაიონებში. რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ „მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევა“.
31 მაისს, გამთენიისას კონდრატიევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ დარტყმა იყო ტემრიუკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც ცეცხლი გაუჩნდა სამ ცისტერნას და არიან დაშავებულებიც.
ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათის შემდეგ, ამ რაიონის ხელმძღვანელმა ფიოდორ ბაბენკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. მისივე ცნობით, დაშავდა ნავთობის ბაზის ორი თანამშრომელი.
რაც შეეხება ქალაქ ნოვოროსიისკს, კრასნოდარის მხარის გუბერნატორ კონდრატიევის თანახმად, დრონებით შეტევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან მოსაზღვრე კრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც დრონებით ხშირად უტევს ნავთობის ბაზებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სამხედრო ობიექტებს.
31 მაისს, დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კრასნოდარის მხარის თავზე „გაანადგურეს” და „გზად დაიჭირეს” 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და 5 გემსაწინააღმდეგო რაკეტა.
უკრაინას კრასნოდარის მხარეზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.