დღეს, 5 იანვარს გამთენიისას, აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის დაბა ნოვომინსკაიას რაიონში, სადაც კომპანია „ალბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
რეგიონის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, სამხედროებმა „მოიგერიეს კიევის ხელისუფლების მხრიდან უპილოტო შეტევა“, რომლის დროსაც დრონის ნამსხვრევები „დაეცა რეზერვუარს ნავთობპროდუქტების უმნიშვნელო ნარჩენებით“.
მიუხედავად ამისა, გუბერნატორის თანახმად, „მეორე კატეგორიის ხანძარს“ 55 მეხანძრის და 19 ერთეული ტექნიკის მობილიზება დასჭირდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი კრასნოდარის მხარეში დრონების მოგერიების შესახებ. ამ ცნობის თანახმად, ორი დრონი კურსკის ოლქში გაანადგურეს და ორი – ბელგოროდში.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ორჯერ, 31 იანვარს და 3 თებერვალს დაადასტურა დრონებით შეტევა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს.
ფორუმი