დრონებით შეტევა იყო პეტერბურგის მახლობლად მდებარე საზღვაო პორტზე

დღეს, 12 სექტემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ს ლენინგრადის ოლქის ქალაქ პრიმორსკის პორტზე. ადგილობრივი ხელისუფლება ერთ-ერთ გემზე ხანძრის გაჩენას ადასტურებს. პრიმორსკი ლენინგრადის ოლქის მთავარი ქალაქიდან, სანქტ-პეტერბურგიდან 75 კილომეტრშია.
ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტში განთავსებულია რუსეთის ნავთობკომპანია „ტრანსნეფტის“ ტერმინალები, სადაც მაგისტრალური ნავთობსადენებიდან იღებენ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, ინახავენ და ტანკერებზე ტვირთავენ შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ტელეგრამ-არხზე დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნდა მოკლე შეტყობინება, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ერთ-ერთ გემზე ხანძარი გაჩნდა.
მალევე დროზდენკომ გაავრცელა ცნობა, რომ გემზე „ღია წვა ლიკვიდირებულია“ და „ნავთობპროდუქტების ჩაღვრის საფრთხე არ არის“. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ რეგიონში გაანადგურა 30-ზე მეტი დრონი.
დროზდენკოს თანახმად, ნამსხვრევების ჩამოცვენა დაფიქსირებულია ქალაქებში, ვსევოლოჟსკსა და ტოსნოში და სოფლებში, პოკროვსკოესა და უზმინოში. გუბერნატორის ცნობითვე, არავინ დაშავებულა.
სამრეწველო ქალაქი ვსევოლოჟსკი უშუალოდ ესაზღვრება ქალაქ სანქტ-პეტერბურგს. ვსევოლოჟსკიდან 50 კილომეტრშია ქალაქი ტოსნო, რომელიც სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს. ეს ქალაქები 100 კილომეტრზე მეტი მანძილით არიან დაშორებული პრიმორსკის პორტს.
12 სექტემბერს, დრონებით შეტევის გამო დროებით დახურეს პეტერბურგის აეროპორტი „პულკოვო”.
ფორუმი