ტყვეობის 49 დღე – შიშის, ტერორისა და უიმედობის დასასრული – ისრაელ-ჰამასის ომის დროებითი ზავით გუშინ 24 მძევლის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი. ბავშვები, დედები და ხანდაზმულები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. მსოფლიო ამ მოვლენას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.
მძევლებს უკვე ჩაუტარდათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური შემოწმება. 13 გათავისუფლებული მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის არიან ისრაელელი 78 წლის მარგალიტ მოზესი და 85 წლის იაფა ადარი. ისრაელთან შეთანხმების მიღმა ტერორისტებმა 10 ტაილანდელი და ფილიპინელი მოქალაქეც გაათავისუფლეს.
მოლაპარაკების პირობების თანახმად ისრაელმა 50 მძევლის სანაცვლოდ, ციხიდან 150 პალესტინელი პატიმარი უნდა გამოუშვას. შუამავალმა კატარის საგარეო უწყებამ, დაადასტურა, რომ უკვე გათავისუფლებულია 39 პალესტინელი პატიმარი. მათ შორის ძირითადად არასრულწლოვნები და ქალები არიან. მსოფლიო ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან როგორ სრულდება ზავის პირობები.
მოლაპარაკების თანახმად, ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და საწვავის შეტანას დათანხმდა. გაეროს ცნობით, ღაზის სექტორში გადაუდებელი დახმარების ოფისის ათეულობით სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა შევიდა. მიუხედავად ამ პროცესებისა, ისრაელის თავდაცვა მკაცრად აფრთხილებს ღაზელებს, რომ ომი გრძელდება და ევაკუირებული მოსახლეობა სამხრეთიდან ჩრდილოეთში არ უნდა დაბრუნდეს.
ჰუმანიტარული პაუზა გუშინ ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდა და 4 დღე უნდა გაგრძელდეს. საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს გაცვლის მეორე ეტაპი იქნება, რომლის ფარგლებშიც ჰამასი 14 მძევალს, ისრაელი კი 42 პატიმარს გაათავისუფლებს.