პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების „ცილისმწამებლურ განცხადებებს“.
ამის შესახებ პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილშია საუბარი, რომელიც მას შემდეგ დაიწერა, რაც ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკურ წლიურ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მოხვდა.
წერილში პაპუაშვილი პოლონელ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის აკრიტიკებს, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობენ. პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებაზე მოწოდებები „ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა“.
„ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა.
უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, მითია, რომ სააკაშვილს პუტინთან პირადი უთანხმოება ჰქონდა. თუმცა მისი თქმით, შესაძლოა ეს ევროპარლამენტისთვის მიმზიდველ იდეას წარმოადგენდეს. როგორც პაპუაშვილი ამბობს, ამ წარმოდგენას ქმნიან კონსერვატიულად განწყობილი აღმოსავლეთევროპელი პოლიტიკოსები.
პაპუაშვილის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფად ყალიბდება, თუმცა სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები კვლავ ერთგულნი რჩებიან თავიანთ მიერვე შექმნილი მითისა. მისი თქმით, ეს მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, გარკვეული უცხოური ჯგუფების ან ცალკეული პირების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არის ლაკმუსის ტესტი, „რათა განვასხვაოთ ღირებულებების ერთგული პოლიტიკოსები მათგან, ვინც მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე ზრუნავენ“.
„უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი“, – წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ საერთო ღირებულებების, ან, სულ მცირე, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით.
„დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს, თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, – წერს პაპუაშვილი.
ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკურ წლიურ ანგარიშში, რომელიც 28 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოსთან დაკავშირებით ორი ცვლილება შევიდა.
ცვლილებების ავტორი დეპუტატი ანა ფოტიგაა. მათი მიღების შესახებ ფოტიგამ თავად განაცხადა.
დოკუმენტის თანახმად, ცვლილებები ეხება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ ოჩამჩირეში პორტი ააშენოს.
66-ე პარაგრაფში, რომელიც იწონებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დაემატა:
„[ევროპარლამენტი] იმეორებს თავის მოწოდებას, გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს იგი, რაც საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შეამცირებაში წვლილს შეიტანდა“.