“დროა ქვეყნის სისტემაშემქმნელი პოლიტიკა ტექნოკრატიასა და რაციონალურობას დაეფუძნოს” – „საქართველოს „ატიპურ“ საერთაშორისო პოზიციონირებაზე“ ვიქტორ ყიფიანი წერილებს აქვეყნებს

“დროა ქვეყნის სისტემაშემქმნელი პოლიტიკა ტექნოკრატიასა და რაციონალურობას დაეფუძნოს” – „საქართველოს „ატიპურ“ საერთაშორისო პოზიციონირებაზე“ ვიქტორ ყიფიანი წერილებს აქვეყნებს
„ჯეოქეისის“ დირექტორი ვიქტორ ყიფიანი აქვეყნებს ორ წერილს, რომლებშიც საუბრობს საქართველოს საერთაშორისო და რეგიონულ როლზე. წერილები ქვეყნდება სათაურით „საქართველოს „ატიპურ“ საერთაშორისო პოზიციონირებაზე“.
ვიქტორ ყიფიანი წერს საქართველოს, როგორც ე.წ „საყრდენი ქვეყანის“ პოტენციალზე, ასევე ეხება საგარეო კურსს, ეკონომიკურ განვითარებასა და ქვეყნის პოზიციონირებასაც საერთაშორისო ასპარეზზე. წერილებში საუბარია ასევე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, უსაფრთხოების მიმართულებაზე.
წერილებს უცვლელად გთავაზობთ.
„არსებული გეოპოლიტიკური სტრუქტურა დღემდე არაერთ უცნობ მოცემულობასა თუ ამოცანას გვიპირისპირებს, რაც აკადემიური ინტელექტის და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაქსიმალურ ამოქმედებას საჭიროებს შედარებით უსაფრთხო სამოქმედო გზების მოსაძებნად. ვითარების უჩვეულობა, ასევე, განაპირობებს მსჯელობისათვის უკვე დამკვიდრებული ჩარჩოების უარყოფას, ისევე როგორც გაბედული და არაორდინალური გადაწყვეტილებების პოვნას. ასეთ უჩვეულობებს შორის ერთ-ერთ თვალსაჩინო გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის ახლად ფორმირებად საერთაშორისო წეს-წყობილებაში ორგანულად კუთვნილი ადგილის დანახვა და მისი რეგიონულ თუ გლობალურ მოთამაშეებთან სინქრონიზაცია..
აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ამ გზაზე არანაირი სიკეთე არ იქნება იმთავითვე ბოძებული და ყოველი წარმატება თუ წინსვლა მიზანმიმართული გარჯის, ინტელექტისა და დისციპლინის უწყვეტ რეჟიმში იქნება შესაძლებელი; მეტიც, მცირერიცხოვან ერს მისი კონკურენტისა თუ პარტნიორის თვალში ყოველდღიურად ექნება ადგილი დასამკვიდრებელი. მსჯელობა ჩვენი ქვეყნის სახვალიო ფუნქციონალურ დატვირთვაზე, ისევე როგორც გეოპოლიტიკური თანამეგობრობისათვის მის პრაქტიკულ სარგებელზე, აუცილებელია უფრო პრაგმატული და დაუკომპლექსებელი გახდეს, ხოლო შედეგად ამისა, გარე სამყაროს მხრიდან ჩვენდამი დამოკიდებულება იქცეს ბუნებრივ და ორმხრივ საჭიროებაზე აგებულ განტოლებად..
„საყრდენი ქვეყანა“:
„საყრდენმა ქვეყანამ“ პირველად მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გაიჟღერა, როდესაც -ში მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური პროექტის – მარშალის გეგმის – მონახაზი განიხილებოდა. სწორედ მარშალის გეგმაზე განხილვისას მაშინდელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დინ აჩესონმა, ევროპის დასავლური ქვეყნები დაახასიათა როგორც „მსოფლიოს საყრდენი სივრცე“, მაგრამ, მაშინ ეს მხოლოდ ფრაზეოლოგიის დონეზე ნათქვამი იყო, საჭირო სიღრმისეული გააზრების გარეშე.
„საყრდენი ქვეყნების“ (იგივე რაც „საყრდენი სივრცის“) რეალური გააზრება, და რაც მთავარია, – მისი პრაქტიკაში დანერგვა – გაცილებით გვიან მოხდა და, ამ შემთხვევაშიც, რთულია, მონიშნო ამ მოვლენის ევოლუციონირების კონკრეტული ფაზები და ფორმები. ნებისმიერ შემთხვევაში, „საყრდენი ქვეყნის“ აზრი უკავშირდება, ერთის მხრივ, გლობალურ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს და, მეორეს მხრივ, კონკრეტულ ქვეყანას შორის იმგვარი თანამშრომლობის ფორმატს, როდესაც ასეთი ქვეყანა ეფექტიანი თანამშრომლობისათვის რეალურად ქმედითუნარიან პარტნიორად მოიაზრება..
აღსანიშნია ისიც, რომ „საყრდენი ქვეყნის“ ერთიანი და უნიფიცირებული განსაზღვრება არ არსებობს. არ არსებობს ასეთად მაკვალიფიცირებელი ნიშნებისა თუ მოთხოვნების ამომწურავი ჩამონათვალიც. პრინციპში, ასეთი ჩამონათვალი ვერც იარსებებს, რადგან ქვეყნის „სარგებლიანობა“, მისი “საიმედოობა“ და „ფუნქციონალური სისავსე“ როგორც კონკრეტული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური, ასევე, იმ ეტაპისათვის ისტორიული პროცესის მოცემულობითაა ნაკარნახევი..
აქვე დავძენ, რომ „საყრდენი ქვეყნის“ კონცეფცია ვერ იარსებებს ერთი კონკრეტულად განსაზღვრული ფორმით და მას არაერთი, უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკაში არსებითად განსხვავებული გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს. ასეთ მრავალფეროვნებაზე თუნდაც შემდეგი ორი, საკმაოდ ურთიერთსაპირისპირო, მაგალითის მოყვანაც კმარა.
აზერბაიჯანული მოდელი:
თანამედროვე აზერბაიჯანული საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია ნულოვანი ჯამის სიტუაციების თავიდან არიდება კასპიის ზღვის არეალში ინტერესის მქონე ყველა მხარესთან თანამშრომლობით. ამასთანავე, ბაქო ცდილობს სათანამშრომლოდ ყველასათვის საჭირო წინაპირობა და მოტივაცია შექმნას, ხოლო მათი ინტერესები სწორად გადაანაწილოს. ზოგადად, ასეთ მიდგომას „მცოცავ შკალას“ ეძახიან, როდესაც ამა თუ იმ საჭიროებიდან გამომდინარე აზერბაიჯანი განსაზღვრულ რეგიონულ ინტერესს უახლოვდება მხოლოდ და მხოლოდ სხვა რეგიონული ინტერესის საპირწონეს მიზნით; დაახლოება კი იმ პირობით ხდება, რომ არც ერთ გარე ინტერესთან სრული ინტეგრირება არ მოხდეს. შედარებით უფრო რთულ მოცემულობაში კი, ეს ქვეყანა ისწრაფვის ჩრდილოეთ-სამხრეთისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის გადაკვეთებზე საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებისთვის.
სამხრეთკორეული მოდელი:
სამხრეთი კორეა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების აზია-წყნარი ოკეანეს პლაცდარმად იქცა წინა საუკუნის 50-იან წლებში. ამ პლაცდარმის მეშვეობით ვაშინგტონს საკუთარი გავლენის პროეცირების შესაძლებლობა მიეცა რეგიონზე, სადაც გლობალური ძალების ბალანსი იმ დროისათვის ძალზე მყიფე იყო.
რეალურად თუ ვიტყვით, სეულს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ხოლო ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი არჩევანი სამხრეთ კორეის დასავლური ინტერესების საზღვრისპირა ქვეყნად გადაქცევა იყო ჩინეთისა და სსრკ ექსპანსიონიზმის საპირისპიროდ. გაცილებით საყურადღებოა თუ რა განვითარება ჰპოვა საკითხმა მოგვიანებით, როდესაც სამხრეთკორეულ საგარეო ვექტორში ძირეული ტრანსფორმაცია ორმა მეგამოვლენამ განაპირობა. თავდაპირველად ეს იყო სსრკ-ის დაშლა, ხოლო ერთი წლის თავზე, ჩინეთთან ურთიერთობების დათბობა. მეტიც, დროთა განმავლობაში სეულისათვის ჩინეთი მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა.
შედეგად ამ ცვლილებებისა, სამხრეთ კორეის უსაფრთხოების ფორმულამ თანამედროვე კონტურები მიიღო, რაც მის ე.წ. „ორსიხშირიანობაში“ გამოიხატება: ერთის მხრივ, აშშ-თან ორმხრივი თავდაცვითი შეთანხმებით გამყარებული, ხოლო, მეორეს მხრივ, ეკონომიკური კეთილდღეობის იმპერატივით ნაკარნახევი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა სახელდება. ამასთანავე, სეულმა ბევრი იმუშავა თანამშრომლობის მრავალმხრივი რეგიონული ფორმატების დასამკვიდრებლად, – მაგალითად, ჩრდილოეთ აზიის მშვიდობისა და თანამშრომლობის ინიციატივა, – რაც სამხრეთ კორეას „საყრდენი ქვეყნისათვის“ დამახასიათებელი დიალოგის ხელშემწყობის როლი შესძინა..
რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველო მყარად დამკვიდრდეს, როგორც რეგიონის „საყრდენი ქვეყანა“, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს ჩვენი ქვეყნის თანამონაწილეობას რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ამავდროულად, – გარდა უსაფრთხოების ელემენტისა, – ჩვენი „საყრდენი“ როლი თანაბრად უნდა გამოიხატოს რეფორმატორულ პოლიტიკასა და შავი ზღვის კონტექსტში გლობალური და ეროვნული ინტერესების პრაგმატულ შეწყობაში. ერთი რამ ცხადია: აღნიშნული სტატუსის რეალიზება მოითხოვს, რომ თავად ვიქცეთ რეგიონული დღის წესრიგის თანაგანმსაზღვრელად და არა მხოლოდ მის ნეტო მომხმარებლად..
არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ რეგიონში სხვადასხვა (ხშირად, კონფლიქტური) ინტერესების დასაბალანსებლად, „საყრდენ ქვეყანას“ უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ საჭირო პოლიტიკური ნება, არამედ გააჩნდეს ყველა რესურსი ნამდვილი, და არა მოჩვენებითი, მასტაბილიზირებელი ფუნქციის აღსასრულებლად..
დღევანდელი ტრანზაქციული („აღების და მიცემის“) მსოფლიოს ერთ-ერთი ნიშან-თვისებაც ხომ სწორედ ისაა, რომ ამა თუ იმ რეგიონის ფორმატში „დიდსა“ და „მცირეს“ შორის გამყოფი ზღვარი ზოგჯერ პირობითია, ხოლო რეგიონულ პროცესებში მცირერიცხოვანი ქვეყნის როლი არათანაზომიერად აღემატებოდეს მის შიდა შესაძლებლობებს და ფიზიკურ რესურსს. მსოფლიო რუკაზე სწორედ ასეთი პოზიციონირება გამოარჩევს ერთ მცირე ქვეყანას მეორისგან, როდესაც ის ერთ-ერთი გარე მოთამაშეებისათვის ქმედით პარტნიორად, – მაშასადამე, „საყრდენ ქვეყნად“ აღიქმება, – ხოლო მეორე კი საერთაშორისო სამართლის მხოლოდ ფორმალურ სუბიექტად განაგრძობს არსებობას..
საქართველო როგორც „საყრდენი ქვეყანა“?
გეოგრაფია:
ქვეყნის ადგილმდებარეობა უდავოდ აღნიშვნის ღირსი კრიტერიუმია, მაგრამ არა საკმარისი. დამატებითი მოთხოვნაა, რომ საკუთრივ გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა, გეოგრაფია უნდა ატარებდეს ინტეგრაციის განმაპირობებელ ან მასტიმულირებელ დატვირთვას. ასე მაგალითად, საქართველო, როგორც ერთ-ერთი კარიბჭე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, საინტერესოა იმითაც, რომ ქვეყნის ტერიტორიას კვეთს არაერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო კომუნიკაცია. ეს კი ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას მაინტეგრირებელ კვანძად აქცევს.
პერსპექტივაში აღნიშნული ქართული მახასიათებელი კიდევ უფრო გაღვივდება, როდესაც რეალობად იქცევა შუა კორიდორის, შავი ზღვის ელექტროკაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები. შედარებით შორი, მაგრამ განხილვის საგნად შესაძლოა იქცეს ლაპიზ-ლაზულის მეგასატრანსპორტო დერეფანიც. მისი სრულად რეალიზების შემთხვევაში, შავი და კასპიის ზღვის ერთიან მაკრორეგიონში დღევანდლისაგან თვისობრივად განსხვავებული გეოეკონომიკურ ეკოსისტემად გარდაიქმნება.
რეპუტაციული სანდოობა:
„საყრდენი“ და „საიმედო“ ქვეყანა-პარტნიორის აუცილებელ თვისებას წარმოადგენს მისი უნარი ესაუბროს უშუალო გარემოცვას, ისევე როგორც ხელი შეუწყოს რეგიონულ გეოპოლიტიკურ დინებებში მონაწილეთა შორის ურთიერთობაში კონსტრუქტივიზმს და არა მათ დაშორიშორებას და კონფლიქტის გაღვივებას. თბილისი, როგორც „კავკასიის ვენა“, უკეთ გააზრებასა და სისტემატიზაციას მოითხოვს. ეს სასარგებლოა ჩვენთვის, ეს საინტერესო შეიძლება გახდეს შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონისათვის.
„ურთიერთშემავსებელი“ უსაფრთხოება:
საქართველოს რეგიონული უსაფრთხოება ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაზეა და მას მრავალსაფეხურიანი განვითარება აქვს. მაგალითისათვის, დაწყებული ვიწროდ რეგიონულით (ბაქო-თბილისი-ანკარას სამკუთხედი), გაგრძელებული „შავი ზღვის მინი ნატო-ს ალიანსით“ და დამთავრებული მრავალმხრივით (ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი) – ყველა ამ კომპონენტმა ერთიანობაში უნდა შკრად საქართველოს უსაფრთხოების მრავალშრიან მოდელი.
იყო საჭირო, იყო სასარგებლო:
საიმედო პარტნიორობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა აუცილებლად უნდა განაგებდეს როგორც სახელმწიფოებრივი ნებას, ისე შესატყვის შესაძლებლობებს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის გარე უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგში. საქართველოს, როგორც კონტრიბუტორის და არა მხოლოდ მომხმარებლის როლი განაპირობებს საკუთრივ ჩვენს კონკურენტუნარიანობას და ჩვენზე მოთხოვნადობას.
რამდენიმე საგანგებო დათქმა:
„საყრდენი ქვეყნის“ კონცეფცია არა ერთ კითხვას წარმოშობს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამის მიზეზად გარკვეულად მისი ამორფულობაა და, კონკრეტული ქვეყნისა თუ რეგიონის სპეციფიკისდა გამო, შესატყვისი მოქმედებების თუ გადაწყვეტილებების სიტუაციურობაა. მეტიც, კონცეფციის გატარების თანმიმდევრობა არა მარტო ერთი ქვეყნის ნებასა და მზაობაზე, არამედ ამ ქვეყნისადმი ასევე გარე სამყაროს დამოკიდებულებაზეა. ერთი სიტყვით, „საყრდენი ქვეყანა“ მეტად რთული განტოლებაა.
საკითხი განსაკუთრებულ დელიკატურობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანას განსაზღვრული საგარეო ვექტორი მკაფიოდ დეკლარირებული აქვს. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ევროატლანტიკური ერთობა და მასში სრულფასოვანი წევრობა, რაც არა მხოლოდ შექმნილი რეალობით განპირობებული გადაწყვეტილებაა, არამედ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ ვექტორში დამატებითი ელემენტების შეტანა – რამდენად რაციონალური და პრაქტიკული არ უნდა იყოს – დიდ დაკვირვებას, კვალიფიციას და ფილიგრანულობას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკლალირებული მაგისტრალური ვექტორი შესაძლოა დაზიანდეს.
საკითხზე საუბრისას აუცილებლად აღსანიშნია შავი ზღვის ფაქტორი. რეგიონისათვის მის მნიშვნელობაზე მანამდე არაერთხელ მქონდა საუბარი. ამ ჯერზე მოკლედ შევნიშნავ, რომ შავი ზღვა განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრია ზოგადი ევრაზიული კონფიგურაციისათვის, რაც გამორჩეულ პოზიციონირებას აძლევს ჩვენს ქვეყანას. ამავდროულად, შავი ზღვის კონტექსტში, ჯერჯერობით, პოზიტივი და ნეგატივი ერთმანეთს „ებრძვის“. შესაბამისად, მხოლოდ ქართულ საერთოეროვნულ რესურსზე, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების ადექვატურობასა და მიზანმიმართულობაზეა დამოკიდებული თუ რამდენად გადაწონის პოზიტიური მხარე ნეგატიურს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის მეტი აქტუალიხაციის პირობებში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა და „საყრდენობა“ ერთიორად უნდა გავზარდოთ.
***
რეალურად „საყრდენ ქვეყნად“ – საიმედო და ქმედითუნარიან პარტნიორად – ჩამოყალიბება მაღალი დონის გეოპოლიტიკური ხელოვნებაა. ამ პროცესის მუდმივი თანმდევია რისკების დროული წაკითხვა და მინიმიზაცია, გარე ინტერესთა დაპირისპირებით შედეგად საკუთარ ტერიტორიაზე მავნე შედეგების განუვრცელებლობა, გლობალურ და სუპერრეგიონალურ მოთამაშეებთან ურთიერთობათა სწორი სისტემის აწყობა..
ფაქტია, რომ ამ რთული ამოცანის შესრულება მხოლოდ სურვილის ამარად ვერ დარჩება. ამისათვის ძალზე კრიტიკულია პოლიტიკური კულტურისა და დიალოგის სიმწიფე, ეკონომიკის მდგრადობა, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობა, თანამედროვე ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, ქვეყნის პროგრესზე ორიენტირებული პოლიტიკური და საქმიანი ელიტა, შესატყვისი ინტელექტუალური რესურსი..
მაგისტრალური საგარეო ვექტორის შენარჩუნებისა და „ურთიერთშემავსებელი“ უსაფრთხოების დანერგვის პირობით, საქართველომ სავაჭრო-ეკონომიკური დიაპაზონის გამრავალფეროვნებაზეც უნდა იზრუნოს. ეს კი პრაგმატული ინტერესით ნაკარნახევ სტრატეგიულ თუ სიტუაციურ თანამონაწილეობას მოიაზრებს.
ვიქტორ ყიფიანის აზრით, ცვლილებების დროა. მისივე შეფასებით, საქართველოს უფლება არა აქვს იყოს მხოლოდ „ნომინალურად“ მონიშნული ქვეყანა, ქმედუუნარო „გეოგრაფია“. ეს, ყიფიანის აზრით, არათუ უპატიებელი ფუფუნებაა, არამედ ეროვნული უსაფრთხოების სისტემას საბოლოოდ დაასამარებს..დროა ქვეყნის სისტემაშემქმნელი პოლიტიკა ტექნოკრატიასა და რაციონალურობას დაეფუძნოს.
“დღევანდელობამ (გნებავთ, დღევანდელმა დღემაც) აშკარად გვიჩვენა ქვეყნის განახლების, მისი არსებითად გამოჯანმრთელების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით, მეტად საჭირო ცვლილებებზე მუშაობა უნდა ხდებოდეს თავმოწონების, უმიზეზო პიარისა და დაყვედრების გარეშე. რეალური და ყოვლისმომცველი ცვლილებები ხომ უპირველესად მათ ნამდვილ ბენეფიციარს – ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება..საკუთარ თავს და ერთმანეთს რეალიზმისა და კონკრეტიკის პრიზმაში ვესაუბროთ. ვფიქრობ, რომ ასე უფრო წაადგება პრაქტიკული პოლიტიკას და პრაქტიკული შედეგების მოახლოვებას. საქართველოს უფლება არა აქვს იყოს მხოლოდ „ნომინალურად“ მონიშნული ქვეყანა, ქმედუუნარო „გეოგრაფია“. ეს არათუ უპატიებელი ფუფუნებაა, არამედ ეროვნული უსაფრთხოების სისტემას საბოლოოდ დაასამარებს..დროა ქვეყნის სისტემაშემქმნელი პოლიტიკა ტექნოკრატიასა და რაციონალურობას დაეფუძნოს. დროა ქართული პოლიტიკა მკერდზე მჯიღის ცემის, ყალბი და ილუზორული ეფექტის შექმნის ნაცვლად ინსტიტუციური მერიტოკრატიის, ცოდნისა და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღების სტანდარტებზე გადაეწყოს. დროა ცვლილებების. რეალური, შინაარსობრივი, სრული შესაძლობლობების მომტანი ცვლილებების. სხვაგვარად დაუშვებელია, წარმოუდგენელია..” – წერს ვიქტორ ყიფიანი.