„დროას“ წევრის განცხადებით, აქციის ფარგლებში გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მის სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მივიდა, რომელიც ამოღების მიზნით, საყოფაცხოვრებო ნივთებს აღწერს

„დროას“ წევრის, ნათია ლეთოდიანის განცხადებით, ბათუმში, 31 იანვარს, აქციის დროს გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობისთვის, მის სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მივიდა.
როგორც ლოთედიანი აცხადებს, ეს არის „რუსი ხელისუფლების მიერ მოგონილი ახალი სტილი, ახალი ბრძანება და ტერორის ახალი სახე”.
„დღეს აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი, ზაურ კაპანაძე მოვიდა იმ სახლში, რომელშიც რეგისტრირებული ვარ. მან მითხრა, რომ საქმე ეხება ბათუმში, 31 იანვარს, აქციების დროს, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო გამოწერილ ჯარიმას, რომელიც მე არ გადავიხადე. არ ვაღიარებ არც ამ ჯარიმას და არც ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას.
ორი თვის წინ დამაყადაღეს და 2 თვის შემდეგ აღსრულება მოვიდა ჩემთან, რათა აღეწერა ყველა ის ნივთი, რომელიც სახლშია – დაწყებული ტელევიზორიდან, გაგრძელებული მაგიდით, სარეცხი მანქანით, მაცივრით თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. ეს არის რუსი ხელისუფლების მიერ მოგონილი ახალი სტილი, ახალი ბრძანება და ტერორის ახალი სახე. ეს ჩვენზე არ იმოქმედებს. აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები ჩემთან და სხვა ადამიანებთან მისვლით ვერ შეგვაშინებენ ამ ბრძოლაში.
რადგან ადვოკატთან კონსულტაციები უნდა გავიარო, ამ ადამიანს ვთხოვე, ორშაბათამდე მოეცა დრო. ორშაბათს ველოდები მათ ხელახალ ვიზიტს, რათა აღიწეროს ყველა ნივთი, რაც სახლშია, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლში. შემდეგ უკვე, აღსრულების პოლიციას გადაეცემა ეს საქმე და არ ვიცი, ამ ნივთებს რა ბედი ეწევა“,- განაცხადა ნათია ლეთოდიანმა.