დოღურაშის აღმოჩენა – როგორ ადნობდნენ კოლხები სპილენძს ათასწლეულების წინ

სოფელ დოღურაშთან აღმოჩენილი 3000 წლის წინანდელი მეტალურგიული სახელოსნო საქართველოში ყველაზე მასშტაბურია, აქამდე აღმოჩენილებს შორის.

ძვ.წ. მე-13 საუკუნე, ბრინჯაოს ხანა. ეს ის დროა, როცა ხმლით დაწყებული და ნემსით დამთავრებული ყველაფერი ან სპილენძისგან კეთდება ან ბრინჯაოსგან, რომლის მისაღებად ისევ სპილენძია საჭირო. რკინა თუ სადმე არის, ცოტაა და მისგან ბევრს ვერაფერს ამზადებენ.

ცხენისწყლის ერთ-ერთ შენაკადთან ხელოსნებს მადნის სადნობი აქვთ მოწყობილი. როცა გამოზაფხულდება, ადიან და მუშაობენ.

დოღურაში – ასე ჰქვია სოფელს, სადაც 3000-ზე მეტი წლის წინანდელი სახელოსნო აღმოაჩინეს. სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტშია. მაშინ კი, როდესაც პირველად გამართეს სახელოსნო, აქ კოლხური ტომები ცხოვრობდნენ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბუნება არ შეცვლილა, მდინარე ისევ ჩამოედინება, იქაურობაც ისევ ტყითაა დაფარული, ხეებიც კი იგივე იზრდება. ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი პეიზაჟი არ არის, მეტალურგიისთვის აუცილებელი პირობაცაა.

სახელოსნოს გასამართად საჭირო იყო მადანი, ამ შემთხვევაში სპილენძის შემცველი ძარღვები; თიხა, რომლისგანაც ქურას და დიდ ქვაბებს – ტიგელებს – ამზადებდნენ; ტყე და წყალი. დოღურაშში ეს ყველაფერი დღემდე მოიპოვება. საჭიროა მოსწორებული ადგილიც: ქურებისთვის, ტიგელებისთვის, მადნის გადამუშავების შედეგად დარჩენილი წიდებისთვის, ადამიანის საცხოვრებლადაც. რამდენი კაცი მუშაობდა სახელოსნოში, არ ვიცით, ალბათ, ათობით. სავარაუდოდ, სეზონურ სამუშაოზე ოჯახებით ადიოდნენ და მცირე მეურნეობაც ჰქონდათ, რადგან კვლევებმა აჩვენეს, რომ იქ შინაური ცხოველებიც ჰყავდათ.

წიდებს ანალიზი რომ ჩაუტარეს, ისიც გაირკვა, რომ მის ფორებში შემორჩენილი იყო გვიმრისა და სხვა ისეთი მცენარეების მტვერი, რომლებსაც თბილი კლიმატი უყვართ. ანუ იმ დროს მთიან კოლხაში იმაზე მეტად თბილოდა, ვიდრე ახლა.

ძველ მეტალურგიულ სახელოსნოებზე ინფორმაცია საქართველოში ჯერ კიდევ 60-იან წლებში გამოჩნდა. ამაზე წერდნენ გეოლოგებიც და არქეოლოგებიც. ხალხიც ამბობდა, რომ ტყეში ხეტიალისას თუ ნაკვეთის დამუშავებისას, რაღაც უჩვეულოს პოულობენ. ხალხმა მიიყვანა არქეოლოგები დოღურაშის სახელოსნომდეც და დღემდე შემორჩენილი წიდები აჩვენა. თან რამდენიმე ძეგლი ერთდროულად აღმოაჩინეს, ამიტომ იქაურობა ახლა ასეა დანომრილი: დოღურაში 1, დოღურაში 2, დოღურაში 3… ეჭვობენ, რომ კიდევ იქნება.

„გეოლოგ გიორგი ბარკალაიას 1940 წლის რუკაზე, ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით რვა წერტილი აქვს მონიშნული. ოღონდ ჩვენ ვეღარ მივაგენით. მიწით და მცენარეებით არის დაფარული“, – ამბობს გეოლოგი რუსუდან ჩაგელიშვილი.

დოღურაშზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მალევე მიხვდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ძეგლს გადააწყდნენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ბრაიან გილმორმა აღმოჩენა ძველი წელთაღრიცხვის XIII-IX საუკუნეებით დაათარიღა. ანუ აქ სახელოსნოები 4-5 საუკუნის განმავლობაში არსებობდა. იცვლებოდა თაობები, უფროსები უმცროსებს ასწავლიდნენ, როგორ მოეძებნათ სპილენძი, როგორ მოეჭრათ ხეები მაშინდელი არც თუ ბასრი ხელსაწყოებით, დაემზადებინათ ნახშირი, და რაც მთავარია, მადანი გადაედნოთ.

შემდეგ სახელოსნოში მუშაობა წყდება, რატომ – არ ვიცით.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა