არქიმანდრიტი ილია თოლორაიას ინფორმაციით, ის საპატრიარქოში დაიბარეს. თუმცა, ამის მიზეზი არ განუმარტავთ. ის აპირებს, რომ მივიდეს საპატრიარქოში.
როგორც არქიმანდრიტი ამბობს, მას დაურეკა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა და უთხრა, რომ მასთან გასაუბრება სურთ მოსაყდრე შიო მუჯირსა და მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს.
არქიმანდრიტი ვარაუდობს, რომ ის დაიბარეს გაცხადების გამო, რომელიც 29 ოქტომბერს საპატრიარქოსთან გააკეთა. მაშინ, როცა ეპარქიის კომისიაზე დაბარებული იყო არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ყურაშვილი საპატრიარქოსთან თანამოაზრე სასულიერო პირებთან ერთად მივიდა. მათ შორის იყო არქიმანდრიტი ილია თოლორაიაც. თუმცა, ისინი საპატრიარქოში არ შეუსვეს ჟურნალისტებთან ერთად, მედიის გარეშე კი თავად არქიმანდრიტმა არ ისურვა კრებაზე დასწრება.
სწორედ იმ დროს, როცა საპატრიარქოში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის იმ საჯარო განცხადებებს განიხილავდნენ, რის გამოც ის კომისიაზე დაიბარეს, არქიმანდრიტი საპატრიარქოს შესასვლელთან კიდევ ერთხელ აფიქსირებდა თავის კრიტიკულ პოზიციას “ქართული ოცნების” მიმართ. ასევე, იმ რუსულ გავლენებზე, რომლებიც მათი შეფასებით არსებობს როგორც მმართველ პარტიაში, ისე საპატრიარქოში.
სწორედ ამ დროს თქვა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ ფრაზა – “კირიონის, ამბროსის, ჩვენი დიდი პატრიარქების შემონახულ ეკლესიას ეგზარქოს მეუფე შიოს არ გადავაბარებთ”, რაც, მისი აზრით, საპატრიარქოში დაბარების საფუძველი გახდა.
მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არქიმანდრიტ ილია თოლორაიას განცხადების ეს მონაკვეთი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ატვირთა და დააწერა, რომ “არც ერთ ადგილობრივ ეკლესიაში, საქართველოს არც ერთ ეპარქიაში, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადება არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. იმედია არქიმანდრიტს (სახელი არ მახსოვს) ასევე მოუწევს პასუხის გაცემა ამ განცხადებაზე”.
სწორედ დეკანოზ ჯაღმაიძის ამ პოსტის გამო ვარაუდობს არქიმანდრიტი თოლორაია, რომ მისი საპატრიარქოში დაბარების მიზეზი პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მიმართ გამოთქმული პოზიციაა.
“როდესაც ვთქვი ეგზარქოსი, მე ამას ჰაერში არ ვიძახი. როდესაც დავინახე, რომ ერთი სიტყვა მეუფისგან არ გამიგია “რუსეთი არის ოკუპანტი”, “რუსეთი არის ჩვენი მტერი”, როდესაც ანწუხელიძე, გინტური … ერთი სიტყვით არ დაუცავთ რუსეთისგან მოკლული ჩვენი გმირები, როდესაც რუსთაველზე გამოსულ ქართველებს – ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, ყველას ვინც აქ დგას, სისხლი ანთხევინა ამ რუსულმა მთავრობამ და ერთი სიტყვა არ უთქვამს ამ ახალგაზრდების დასაცავად, ამ ხელისუფლებას სვეტიცხოვლობის დღეს უწოდებს თქვენო მაღალღირსებას, პატივცემულო და ამბიონზე დააყენა, მე უკვე შთაბეჭდილება დამრჩა ეს, რომ ესე იგი, რუსეთის მხარეს დგას მეუფე შიო. მე ჩემს სიტყვებს არ ვიბრუნებ. მე რაც ვთქვი, არის ჩემი ხედვა. ეს არ არის შეურაცხყოფა როგორც ეპისკოპოსს, ეს არის მეუფის ხედვასთან მიმართებით ჩემი შეფასება. იმიტომ, რომ მე ვერ დავინახე საქართველოს მხარეს, მე უფრო დავინახე რუსეთის მხარეს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ.
ეგზარქოსის წოდება საქართველოში გაჩნდა 1811 წელს – მას შემდგე, რაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა და დაექვემდებარა რუსეთის ეკლესიას. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს საეგზარქოსოს მოსკოვიდან დანიშნული სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ. ეგზარქოსის თანამდებობა გაუქმდა 1917 წელს – მაშინ, როცა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კვლავ მოიპოვა ავტოკეფალია, რასაც უკვე 1 წლის შემდგე, 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა.
29 ოქტომბრის ეპარქიულ სხდომაზე, რომელსაც დოროთე ყურაშვილი არ ესწრებოდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არქიმანდრიტი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდეს. ის მღვდელმსახურად გაამწესეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში.
ამის შემდეგ, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა, რომ მისი ამბიონი გახდება რუსთაველის გამზირი, სადაც უკვე 341-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქციები.
“ყოველ ხუთშაბათს, პირველ საათზე, წმ სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში, მაგრამ ამბიონი წამართვეს და ხალხს ვერ ვხვდები ტაძარში. ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის პროსპექტი”, – დაწერა არქიმანდრიტმა სოციალურ ქსელში
და საზოგადოებას უწყვეტ პროევროპულ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე:
· ვიცი, რომ მამა ანდრიას განკვეთა უნდოდა, მადლობა უწმინდესს, რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა – არქიმანდრიტ დოროთე
· ეპარქიულმა კომისიამ არქიმანდრიტ დოროთეს “მკაცრი გაფრთხილება” გამოუცხადა
· ვინ და რა საკითხზე მოსთხოვა ახსნა-განმარტება არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქოში




