რუსეთში კრიტიკული ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორზე, ტიხონ ძიადკოზე ძებნა გამოცხადდა.
როგორც გამოცემა „მედუზა“ წერს, ძიადკოს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ არაფერია ცნობილი.
„მედიაზონას“ ცნობით, ტიხონ ძიადკო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილთა სიაში 30 აპრილის უკვე შეყვანილი იყო, თუმცა ძებნილთა სიის ბარათზე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი მითითებული არაა.
2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტიხონ ძიადკო „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, ხოლო ტელეარხი „დოჟდი“ 2023 წლის ივლისში – „არასასურველ ორგანიზაციად”.
იმავე თვეში მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ ძიადკო 35 ათასი რუბლით დააჯარიმა იმის გამო რომ „უცხოელი აგენტის“ ნიშანს არ ატარებდა.
„მედიაზონა“ ასევე აღნიშნავს, რომ თებერვალში მოსკოვის ოსტანკინოს რაიონულმა სასამართლომ ძიადკოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა „არასასურველი“ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა „დოჟდის“ ჟურნალისტსა და წამყვანზე, ასევე „ვუნდერზინის“ მთავარ რედაქტორზე, იულია ტარატუტაზე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „უცხოელი აგენტის“ მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდების მუხლით.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ტიხონ ძიადკომ ცოლთან, ეკატერინე კოტრიკაძესთან ერთად, რომელიც „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსია, რუსეთი დატოვა. რუსეთი ასევე დატოვეს ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილმაც.
„დოჟდმა“ კი მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა, ვინაიდან მედიებს აეკრძალათ სიტყვა ომის გამოყენება და სამთავრობო წყაროების გარდა სხვა ინფორმაციის გაშუქება. რუსეთში ტელეკომპანიის ვებსაიტი და სოციალური ქსელები გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბლოკა.
ამჟამად „დოჟდს“ ნიდერლანდში მაუწყებლობის ლიცენზია აქვს.
