დონეცკის ოლქის პოლიგონზე 60-ზე მეტი რუსი სამხედროს სიკვდილს კიდევ ერთი წყარო ადასტურებს

უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე პოლიგონზე უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 68 რუსი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ წერს.
გამოცემის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეძლეს მოხალისეების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული, დაღუპულთა სიის ვერიფიკაცია. 68-დან 65 იდენტიფიცირებულია. სია რომ ნამდვილია გამოცემას დაუდასტურა პირმა, რომელიც ს ამ სამხედრო ნაწილში მსახურობს. მისი ინფორმაციით, ძალიან ძლიერი დარტყმის შედეგად ბევრი დაჭრილიდან ზოგიერთი როსტოვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონზე და იქ სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა, პირველმა გაავრცელა BBC-ს რუსულმა სამსახურმა.
BBC-ს წყაროთა თანახმად, უკრაინელებმა პოლიგონს 20 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში დაარტყეს სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის HIMARS-ის 2 რაკეტით. წყაროთა თანახმად, დარტყმის მომენტში, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის სარდლის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის დასახვედრად პოლიგონზე მოწყობილი ჰყავდათ 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.