დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე ახალ პრემიერ-მინისტრად, პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციამ, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ბორის ბუდკამ, რომელიც კოალიცია “სამოქალაქო პლატფორმას” ხელმძღვანელობს, ორშაბათს პარლამენტში დებატების დროს განაცხადა, რომ ტუსკის არჩევა ეს არის “11 მილიონი პოლონელი მამაკაცისა და ქალის მოთხოვნის შესრულება, რომლებმაც ხმა მისცეს ცვლილებას.”

248 დეპუტატმა ხმა მისცა ტუსკს, 201 წინააღმდეგი, თავი არავის შეუკავებია. მანამდე, ორშაბათს, დეპუტატებმა უარი თქვეს მატეუშ მორავიეცკის დროებითი მთავრობის მუშაობის გაგრძელებაზე.
მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობის მობილიზება.
66 წლის დონალდ ტუსკი უკვე ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში. ის ორჯერ აირჩიეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ, ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში. ტუსკი მხარს უჭერს პოლონეთის ევროინტეგრაციის გაგრძელებას, ხოლო “კანონისა და სამართლის” პოლიტიკა მიზნად ისახავდა ევროკავშირისგან დისტანცირებას.