პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ გასული წლის მაისის თვეში ვარშავის სავაჭრო ცენტრ Marywilska 44-ში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი და ხაზს უსვამს, რომ ყველა დამნაშავე დაკავებული იქნება.
“ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ვარშავაში, Marywilska-ს სავაჭრო ცენტრში მომხდარი დიდი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების ბრძანებით იყო გაჩენილი. დამნაშავეების ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო ყველა დანარჩენი იდენტიფიცირებულია და ძებნა მიმდინარეობს. ყველას გიპოვით!” – წერს ტუსკი.
ცნობისთვის, ლიტვის პროკურატურის განცხადების თანახმად, 2024 წლის მაისში, ვილნიუსში მდებარე IKEA-ს მაღაზიაში ხანძრის გაჩენაში პასუხისმგებელი რუსეთის სამხედრო დაზვერვაა. მომხდართან დაკავშირებით პოლონეთში ერთი პირი დააკავეს.
ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ხანძარი რამდენიმე შუამავლის მეშვეობით რუსეთთან არის პირდაპირ დაკავშირებული. გამოძიების მიხედვით, ინციდენტამდე საიდუმლო შეხვედრა გაიმართა ვარშავაში, სადაც დაიგეგმა ლიტვაში მდებარე სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენა და მათი აფეთქება, ხოლო შემსრულებლები ჯილდოს სახით 10 000 ევროს მიიღებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი უკრაინის ორმა მოქალაქემ გააჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. იმავე თვეს ხანძარი მოხდა ვარშავის ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრი Marywilska 44.
2025 წლის მარტში ტუსკმა X-ზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, რომ ვილნიუსისა და ვარშავის სავაჭრო ცენტრებში მომხდარ ხანძრებზე რუსული სპეცსამსახურები იყო პასუხისმგებელი.
“ძვირფასო მოკავშირეებო. ლიტვის პროკურატურამ დაადასტურა ჩვენი ეჭვები იმის შესახებ, რომ ვილნიუსსა და ვარშავაში სავაჭრო ცენტრებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე რუსული სპეცსამსახურებია პასუხისმგებელი. კარგია ამის ცოდნა მოლაპარაკებების დაწყების წინ, ასეთია ამ სახელმწიფოს ბუნება”. – წერდა ტუსკი.