დონალდ ტუსკი ევროკავშირში უმრავლესობის შეკრებას ცდილობს, რათა საქართველოს უვიზო რეჟიმი გაუუქმოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირონ.
ტუსკმა აღნიშნული განცხადება პოლონეთის სეიმში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და მისი ინგლისური თარგმანი OC media-მ გამოაქვეყნა. ტუსკი სიტყვით გამოსვლისას იმიგრაციის საკითხს შეეხო – გამოსვლის შემდეგ მისმა მთავრობამ ნდობის კენჭისყრა მოიგო.
„ვკრებთ აუცილებელ უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. დიახ, ეს ჩემი მიზანიც არის, სრულად გააზრებულად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი – ქართველების ერთი მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, სად არის პრობლემა”, – თქვა მან.
ტუსკის თქმით, საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება და უვიზო მიმოსვლა ყველა იმ ქვეყანას უნდა შეუჩერდეს, რომლებიც აღარ იცავენ ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ ევროპულ სტანდარტებს.
„ბოდიშს ვუხდი ქართველებს, თუ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ ზოგადად, მე მხარს ვუჭერ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას იმ ქვეყნებთან, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, აღარ იცავენ ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ ევროპულ სტანდარტებს, ან საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში ან ზოგადად ევროპაში.“
ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2017 წელს დაუშვა. ამ გადაწყვეტილების მომხრე ძალიან ბევრი ქართველი იყო და “ქართული ოცნება” უვიზო მიმოსვლას მის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებს ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას