აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში „ტესლას“ მანქანა შეიძინა. მან წითელი ფერის სედანი Model S აარჩია. ამგვარად გამოუცხადა მხარდაჭერა დონალდ ტრამპმა თავისი მოკავშირის, ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიას, რომლის აქციების ფასი და გაყიდვები ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის ფონზე დაეცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მძღოლის სავარძელიც მოირგო, გვერდით მგზავრის სავარძელზე კი ილონ მასკი დაჯდა.
მასკმა იხუმრა, რომ „საიდუმლო სამსახური გულის შეტევას მიიღებს“. ტრამპმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ავტომობილისთვის, რომლის ღირებულება დაახლოებით 80 ათას დოლარს შეადგენს, ჩეკს გამოწერს.
ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანქანას თეთრ სახლში დატოვებს, რათა თანამშრომლებმა მისი გამოყენება შეძლონ.
მოგვიანებით, ბიზნესმენებთან შეხვედრისას ტრამპმა თქვა, რომ ილონ მასკი არ უნდა ზარალდებოდეს იმის გამო, რომ მთავრობის დახმარება სურს.
