აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა და კომენტატორების აზრით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად წამოყენებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.
თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ ტრამპმა დაახლოებით 60%-ი მიიღო. მის ერთადერთ კონკურენტს, ნიკი ჰეილის ხმების 39%-ი ერგო. ეს სხვაობა არ არის ისეთი, როგორც ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ტრამპმა უზრუნველყოს შტატის დელეგატების დიდი უმრავლესობის ხმები მომავალი რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე.
შედეგების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი პარტიის ერთიანობა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ასეთი ერთიანობა აქამდე არ უნახავს.
ამრიგად, ტრამპმა ოთხიდან ოთხივე შტატში დამაჯერებლად მოიგო პრაიმერიზი. შემდეგი კენჭისყრა 28 თებერვალს გაიმართება მიჩიგანში, შემდეგ კი 5 მარტს შეერთებულ შტატებში მოსალოდნელია „სუპერსამშაბათი“, როდესაც კენჭისყრა ერთდროულად 16 შტატში გაიმართება. თითქმის ყველა შტატში, გამოკითხვების თანახმად, ტრამპი დამაჯერებლად ლიდერობს.
დემოკრატებმა სამხრეთ კაროლინაში პრაიმერიზი 3 თებერვალს გამართეს და მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელსაც სერიოზული კონკურენტები პრაქტიკულად არ ჰყავს, ხმების 95%-ზე მეტი მოიპოვა.
დაწერეთ კომენტარი