აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება.
„მათ განიხილეს შეერთებული შტატების მიერ საფრთხის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები და შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება“, – აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.
ამასთან, ტრამპმა და სტარმერმა განიხილეს „ირანის მიერ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე დაბრუნების და ხანგრძლივი შეთანხმების მისაღწევად პროგრესის აუცილებლობა“.
ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მომდევნო დღეებში „მჭიდრო კონტაქტს“ გააგრძელებენ.
