აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრის, კრისტი ნოემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამის შეჩერება ბრძანა, – ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
მისი განმარტებით, სწორედ ამ პროგრამამ მისცა აშშ-ში ჩასვლის საშუალება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.
როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსის პოლიციის უფროსის, ოსკარ პერესის თქმით, ეჭვმიტანილი, პორტუგალიის მოქალაქე კლაუდიო ნევეშ ვალენტე თავდაპირველად აშშ-ში სტუდენტური ვიზით 2000 წელს შევიდა, ხოლო 2017 წელს მუდმივი რეზიდენტი გახდა. ვალენტე ხუთშაბათს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.
ნოემის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, „დაუყოვნებლივ“ მიემართა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურისთვის, შეეჩერებინათ „კატასტროფული“ პროგრამა, რათა მისი საშუალებით მეტი ამერიკელი არ დაზარალდეს.
„ეს საზიზღარი ადამიანი არასდროს უნდა შემოეშვათ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ნოემმა ეჭვმიტანილის შესახებ.




