BBC-ის წამყვანი თანამდებობის პირები, მათ შორის ხელმძღვანელი ტიმ დეივი, ყველა თანამდებობიდან გადადგა/გაათავისუფლეს, რადგან გამოიჭირეს 6 იანვრის ჩემი ძალიან კარგი (სრულყოფილი!) გამოსვლის „გაყალბებაში“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„მადლობა The Telegraph-ს ამ კორუმპირებული „ჟურნალისტების“ გამოაშკარავებისთვის. ესენი არიან ძალიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების სასწორზე დადგომა სცადეს. ყველაფერთან ერთად, ისინი უცხო ქვეყნიდან არიან, რომელსაც ბევრი ჩვენს ნომერ პირველ მოკავშირედ მიიჩნევს. რა საშინელებაა დემოკრატიისთვის!“- აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ დოკუმენტურმა ფილმმა Panorama-მ დონალდ ტრამპის გამოსვლის რედაქტირებით მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.
The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს პროგრამამ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა.




