ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დებატები მოითხოვა. ეს განცხადება მან Truth Social-ზე დაწერა.
“ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მნიშვნელოვანია, რომ მე და ჯო ბაიდენმა ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ამერიკელი ხალხისთვის. ამიტომ, მე ვითხოვ დებატებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას! მოუთმენლად ველოდები პასუხს”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბმა დონალდ ტრამპს უკვე უპასუხა. შტაბში აღნიშნეს, რომ ეს საუბარი ექნებათ “შესაფერის დროს” და მოუწოდეს ყოფილ პრეზიდენტს, უყუროს ჯო ბაიდენის გამოსვლას ხუთშაბათს.
გუშინ, 6 მარტს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა ნიკი ჰეილიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება. სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა კამპანიის შეჩერება ე.წ. სუპერ სამშაბათის შემდეგ გადაწყვიტა.
აშშ-ში სუპერ სამშბათი შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე აქტიური დღეა. ამერიკელები 15 შტატში და ამერიკულ სამოაში ერთდროულად იღებენ მონაწილეობას პრაიმერიზში და არჩევენ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების უმეტესობა დათვლილია.
რესპუბლიკურ პარტიაში ნიკი ჰეილი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთადერთი მსხვილი კონკურენტი იყო. ე.წ. სუპერ სამშაბათის პრაიმერიზში ტრამპმა 15-დან 14 შტატში გაიმარჯვა, ჰეილიმ მას მხოლოდ ვერმონტში აჯობა.
ტრამპმა გაიმარჯვა: ალაბამაში, ალასკაში, არკანზასში, კალიფორნიაში, კოლორადოში, მეინიში, მასაჩუსეტში, მინესოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, ტეხასში, იუტასა და ვირჯინიაში.
რაც შეეხება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში მან გამარჯვება მოიპოვა 15-ვე შტატში, თუმცა დამარცხდა ამერიკულ სამოაში.