გამოცემა Politico-ს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს განუცხადა, რომ ირანში ხამენეის რეჟიმის დასრულების დროა.
ინტერვიუს დროს ტრამპმა თქვა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც რეჟიმმა ოდესმე მიიღო, 800 ადამიანის სიკვდილით არ დასჯა იყო.
თუმცა, 17 იანვარს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში დეკემბრის ბოლოს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციები ამერიკული “შეთქმულება” იყო. მან ასევე დაამატა, რომ ირანში მსხვერპლზე პასუხისმგებელ პირად პრეზიდენტ ტრამპს მიიჩნევს.
“ჩვენ აშშ-ს პრეზიდენტს დამნაშავედ ვთვლით იმ მსხვერპლისთვის, ზიანისა და ცილისწამებისთვის, რომელიც მან ირანელ ერს მიაყენა.” – ციტირებს ხამენეის ირანული სამთავრობო მედია.
ინტერვიუს დროს ხამენეის განცხადების წაკითხვის შემდეგ კი ტრამპმა აღნიშნა, ირანის რეჟიმი ქვეყნის სამართავად რეპრესიებსა და ძალადობას ეყრდნობა.
“რაშიც ის [ხამენეი], როგორც ქვეყნის ლიდერი, დამნაშავეა, არის ქვეყნის სრული განადგურება და მანამდე არნახულ დონეზე ძალადობის გამოყენება. იმისთვის, რომ ქვეყანას ფუნქციონირება შეუნარჩუნო – მიუხედავად იმისა, რომ ეგ ფუნქცია ძალიან დაბალ დონეზეა – ხელისუფლებამ ყურადღება ქვეყნის სწორ მართვას უნდა დაუთმოს, როგორც მე ვაკეთებ აშშ-ში, და არა ათასობით ადამიანის მოკვლით კონტროლის შესანარჩუნებლად.” – განმარტა აშშ-ს პრეზიდენტმა.
“ლიდერობა პატივისცემასთანაა კავშირში და არა – შიშთან და სიკვდილთან.” – დაამატა ტრამპმა.
მისი თქმით, ხამენეი “ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც ქვეყანა სწორად უნდა მართოს და ხალხის დახოცვა შეწყვიტოს.”
“ცუდი მართვის გამო მისი ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე უარესი ადგილია საცხოვრებლად.” – განუცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა Politico-ს




