მომავალ თვეში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, თურქეთს ეწვიოს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსანსა და ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლო ვიზიტი განხორციელდება საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შემდეგ. წყაროების თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CNN აცნობა, რომ ტრამპმა ეს ვიზიტი განიხილა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ბოლო სატელეფონო საუბრისას.
ამასთან, წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი არ გეგმავს ისრაელში ვიზიტს.
როგორც CNN-ი წერს, თუ თურქეთში ვიზიტი შედგება, ეს იქნება თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპის პირველი ვიზიტი თურქეთში.
