აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას „შიდა ტერორისტული ქსელების“ დაშლის შესახებ.
„ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ რადიკალი მემარცხენე ტერორისტების მხრიდან ძალადობის გაგრძელება უნდა შეწყდეს. ამ კვირაში ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას ამ შიდა ტერორისტული ქსელების დაშლის შესახებ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეიარაღებულმა პირმა დალასში, იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საველე ოფისში ერთი დაკავებული მოკლა და ორი დაჭრა.
„ეს ძალადობა რადიკალური მემარცხენე დემოკრატების მიერ სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დემონიზაციის, ICE-ის დაშლის მოწოდებისა და ICE-ს ოფიცრების „ნაცისტებთან“ შედარების შედეგია“, – დაწერა ტრამპმა.
მან „დემოკრატებს“ მოუწოდა, იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის და ამერიკის სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ნეგატიური რიტორიკა შეწყვიტონ.
„მოვუწოდებ ყველა „დემოკრატს“, შეწყვიტონ ეს რიტორიკა ICE-ისა და ამერიკის სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ, ახლავე! ტრამპის ადმინისტრაცია სრულად ერთგულია სამართალდამცავი ორგანოების, საზღვრების სიმტკიცის, ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების, ძალადობრივი უკანონო დამნაშავეების დეპორტაციისა და მემარცხენე შიდა ტერორიზმის სრულად აღმოფხვრის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ატერორებს“, – დაწერა ტრამპმა.
