დონალდ ტრამპი მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მიერ ადგილობრივი კაცის მკვლელობას გამოეხმაურა. საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social აშშ-ის პრეზიდენტმა ალექს პრეტის იარაღის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შემთხვევის დროს მას თან ჰქონდა და აღნიშნა, რომ მინესოტის ხელისუფლება ფედერალურ აგენტებს არ იცავს.
„ეს არის მსროლელის იარაღი, დატენილი, ორი დამატებითი, სავსე მჭიდით და მზადაა გამოსაყენებლად. რა არის ეს ყველაფერი? სად არის ადგილობრივი პოლიცია? რატომ არ მიეცათ მათ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების დაცვის უფლება? მერმა და გუბერნატორმა გააუქმეს ისინი? ნათქვამია, რომ ამ პოლიციელებს ბევრს არ მიეცათ თავიანთი სამუშაოს შესრულების უფლება, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს მოუწია საკუთარი თავის დაცვა. ეს ადვილი საქმე არ არის. მერი და გუბერნატორი თავიანთი პომპეზური, საშიში და ამპარტავანი რიტორიკით აჯანყებას აქეზებენ. მიეცით ჩვენს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის პატრიოტებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე! 12 000 არალეგალი უცხოელი დამნაშავე, რომელთაგან ბევრი მოძალადეა, დააკავეს და მინესოტიდან გაიყვანეს. ისინი რომ ისევ იქ ყოფილიყვნენ, დღეს გაცილებით უარესს იხილავდით“, – წერს ტრამპი.
შაბათს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კაცი მოკლეს. დაღუპული 37 წლის ალექს პრეტია , აშშ-ის მოქალაქე, რომელიც მინეაპოლისში ცხოვრობდა და მედძმად მუშაობდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე თვეში, როდესაც ქალაქში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საემიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების გამკაცრების კამპანიის ფარგლებში, ფედერალურმა აგენტებმა ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს. დაახლოებით 3 კვირის წინ, საემიგრაციო აგენტებმა ამავე ქალაქში რენე გუდი მოკლეს.




