მთავრობის მუშაობის განახლებამდე „დემოკრატებს“ არ შევხვდები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის „დემოკრატიული“ უმცირესობების ლიდერებთან, ჰაკიმ ჯეფრისთან და ჩაკ შუმერთან შეხვედრა სურს, თუმცა ამას მთავრობის გახსნამდე არ გააკეთებს.
„მე მათთან შეხვდრა მსურს, მაგრამ ერთი პირობით, თუ ისინი ქვეყანას გახსნიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. შათდაუნი 1-ელ ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. „დემოკრატებს“ სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება.
ორშაბათს, აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელი“ სენატორების მიერ წარდგენილი დროებითი დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც მთავრობის მუშაობის განახლებას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს, მე-11 ცდის შემდეგ ჩავარდა.
