აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში წერს, რომ ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო, თავის ცოლთან ერთად გაიყვანეს ქვეყნიდან.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიიტანეს მსხვილმასშტაბიანი დარტყმა ვენესუელაზე და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად იქნა დაკავებული და თვითმფრინავით გაყვანილი ქვეყნიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით“, – წერია დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
CBS News-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მადუროს დაკავებაში მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროები, სპეცდანიშნულების ელიტურ დანაყოფ – Delta-ს ჩართულობით.
მანამდე, 3 იანვარს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ვენესუელის ტერიტორიაზე მიტანილი სამხედრო იერიშის შესახებ, რაშიც ნიკოლას მადურო აშშ-ის სდებდა ბრალს.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის – ამის შესახებ ადგილობრივი წყაროები და საერთაშორისო მედია იტყობინებოდა.
CBS News-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვენესუელაზე იერიშის მიტანის ნებართვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ვენესუელა გმობს და აცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე – უკიდურესად სერიოზული სამხედრო აგრესიის შესახებ, აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან ვენესუელის ტერიტორიის წინააღმდეგ”, – ნათქვამია ვენესუელის მთავრობის მიერ 3 იანვარს დილით გავრცელებულ განცხადებაში.
მადუროს მიერ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დეკემბრის მიწურულს განაცხადა, რომ ვენესუელის ტერიტორიაზე დაარტყეს საპორტო მისადგომის რაიონს, სადაც გემებზე ნარკოტიკებს ტვირთავდნენ.
საპორტო ობიექტზე დარტყმისა და „ძლიერი აფეთქების” შესახებ ტრამპმა მედიას 29 დეკემბერს უთხრა ფლორიდის რეზიდენციაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის წინ, როცა კომენტარი სთხოვეს რადიოსადგურ WABC-სთან ინტერვიუში 26 დეკემბერს ნათქვამზე, რომ ვენესუელაში მწყობრიდან გამოიყვანეს მსხვილი ობიექტი.
აშშ-ის პრეზიდენტს არც 29 დეკემბერს დაუკონკრეტებია, ვენესუელის რომელ რაიონში ჩატარდა ოპერაცია და როდის. ეს იყო პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაშინგტონმა ვენესუელაში, ხმელეთზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ განაცხადა. მანამდე ამერიკელმა სამხედროებმა ზღვაში არაერთხელ დაარტყეს ვენესუელის გემებს, რომლებსაც შეერთებული შტატების თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
17 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.
ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევაში.
· სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.
· ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
· მადუროს, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობენ აშშ და დასავლეთის არაერთი სხვა სახელმწიფო.
ფორუმი




