ლოს-ანჯელესში ბოლო ორი ღამე უსაფრთხო და მშვიდი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„ჩვენმა შესანიშნავმა ეროვნულმა გვარდიამ, საზღვაო ქვეითების მცირე დახმარებით, უზრუნველყო ის, რომ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა თავისი სამუშაოს ეფექტურად შესრულება შეძლო. ყველამ ერთად კარგად იმუშავა, მაგრამ სამხედროების გარეშე ლოს-ანჯელესი ისეთი დანაშაულის ადგილი იქნებოდა, როგორიც წლების განმავლობაში არ გვინახავს“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა „სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა“.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. სამართალდამცავების ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ლოს-ანჯელესის ნაწილში უკვე მეორე დღეა, რაც „კომენდანტის საათი“ მოქმედებს.
