აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიას დაუწესებს ყოვლისმომცველ საპასუხო ზომებს, მათ შორის ტარიფებს და სანქციებს, მას შემდეგ რაც სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ უარი თქვა მიეღო ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტებით, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს უარი ავიარეისების მიღებაზე საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოლუმბიის ამ ნაბიჯზე საპასუხო ზომები მოიცავს 25%-იანი ტარიფის დაწესებას აშშ-ში შესულ კოლუმბიურ საქონელზე, რომელიც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდება, კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და ვიზის გაუქმებას და საგანგებო სახაზინო, საბანკო და ფინანსურ სანქციებს.
„ეს ზომები მხოლოდ დასაწყისია. არ დავუშვებთ, კოლუმბიის მთავრობამ დაარღვიოს თავისი კანონიერი ვალდებულებები იმ კრიმინალების მიღებასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეერთებულ შტატებში შემოუშვეს“, – დაწერა ტრამპმა.
კოლუმბია, აშშ-ის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი ლათინურ ამერიკაში, ტრამპის გადაწყვეტილებას სწრაფად გამოეხმაურა და ამერიკულ საქონელზე 50%-იანი ტარიფის დაწესებით დაიმუქრა. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ X-ზე დაწერა, რომ მან ვაჭრობის მინისტრს დაავალა აშშ-ის იმპორტზე ტარიფები 25%-ით გაეზარდა.