დონალდ ტრამპი კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებზე მასალებს ასაჯაროებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს ჯონ კენედის, რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროების განკარგულებას ხელი მოაწერა.

“ბევრი ადამიანი ამას წლები, ათწლეულები ელოდა და ყველაფერი გამოაშკარავდება” – აღნიშნა ტრამპმა.

განკარგულება ავალდებულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორს და გენერალურ პროკურორს, 15 დღის ვადაში შეათანხმონ მოქმედებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ასისტენტთან და ტრამპის იურიდიულ მრჩეველთან, რათა წარუდგინონ პრეზიდენტს “ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩანაწერების სრული და სრულყოფილი გაშუქების გეგმა”.

ამავე განკარგულებით, 45 დღის ვადაში, იგივე პირებს ევალებათ რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული ჩანაწერების გადახედვა და ტრამპისთვის მათი “სრული და სრულყოფილი გაშუქების გეგმის” წარდგენა.

“პრეზიდენტ ჯონ კენედის, სენატორ რობერტ კენედისა და პასტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ფედერალურ მთავრობას ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია ყველა ჩანაწერი, რომელიც ამ მოვლენებთან არის დაკავშირებული. მათი ოჯახები და ამერიკელი ხალხი იმსახურებენ გამჭვირვალობას და სიმართლეს. ქვეყნის ინტერესებშია, რომ საბოლოოდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, გამოქვეყნდეს ყველა ჩანაწერი, რომელიც ამ მკვლელობებს ეხება” – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

ტრამპმა პრეზიდენტ ჯონ კენედის საქმის მასალების გასაჯაროვების შესახებ დაპირება საარჩევნო კამპანიის დროსაც გააკეთა.

ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე დოკუმენტები -ს მთავრობამ 2017 და 2021 წელსაც გაასაჯაროვა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტექსასის შტატში მოკლეს. ლი ჰარვი ოსვალდი მკვლელობიდან 90 წუთში დააკავეს, თუმცა, ეს საქმე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასახსნელ საქმედ არის მიჩნეული. კითხვები სწორედ ოსვალდის მკვლელობამ გააჩინა.

კენედის მკვლელობის საქმის მასალების გასაიდუმლოების გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა სპეციალური განკარგულებით, 1992 წელს მიიღო. მასში ნათქვამი იყო, რომ არქივის გახსნა 25 წლის შემდეგ, 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი, მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი 1968 წლის 4 აპრილს ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა, ჯეიმს ერლ გრეიმ სნაიპერით მოკლა, როდესაც კინგი სასტუმროს აივანზე სიგარეტს ეწეოდა.

წყარო