დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ნიუ-იორკის არჩეულ მერს, ზოჰრან მამდანის შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნიუ-იორკის კომუნისტმა მერმა, ზოჰრან „კვამე“ მამდანიმ, შეხვედრა ითხოვა. შევთანხმდით, რომ შეხვედრა პარასკევს, 21 ნოემბერს ოვალურ კაბინეტში გაიმართება“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, 4 ნოემბერს გამართულ ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის „დემოკრატმა“, ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. მამდანიმ, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ-სოციალისტს უწოდებს, ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, ენდრიუ კუომო დაამარცხა და ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი გახდა.
მამდანი ნიუ-იორკის მერის თანამდებობას ოფიციალურად 1-ელ იანვარს დაიკავებს.




