ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვიტყოდი, რომ ამაში ბაიდენია დამნაშავე. ჩემი მმართველობის დროს ირანს ფული არ ჰქონდა და ბაიდენმა მათ გამდიდრების საშუალება მისცა. ბაიდენმა სანქციები მოხსნა და ირანმა ოთხი წლის განმავლობაში 300 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, შეაჩერა თუ არა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა და ფიქრობს თუ არა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ომში ჩაითრევს, დონალდ ტრამპმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„მე ისინი არ შემიჩერებია. ვფიქრობ, ირანთან შეთანხმების მიღწევა თავდასხმის გარეშეც შეგვიძლია. შესაძლოა, ის [ბენიამინ ნეთანიაჰუ] ომში ჩაერთოს, მაგრამ მე საკუთარი სურვილის გარეშე ვერ ჩამითრევს. შეიძლება საკუთარი ნებით ჩავერთო. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ამის სათავეში მე ვიქნები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
