აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ახლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეა დამოკიდებული.
Fox News-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, თუ რა რჩევას მისცემდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ტრამპმა უპასუხა: „დადეთ შეთანხმება, შეთანხმება უნდა დადოთ“.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთა შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა არის ერთი-ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა.
„ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით. ვგულისხმობ, ბევრ საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმება, თუმცა, არის ერთი-ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი მიღწევა შესაძლებელია. ახლა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ეს“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ევროპული ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ.
მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დაიგეგმება.
„ვფიქრობ, ახლა პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ პუტინსა და ჩემს შორის შეხვედრა დაინიშნება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურთ, რომ ის შეხვედრას დაესწროს.
„ორივეს სურს, რომ მე იქ ვიყო და მე იქ ვიქნები“, – აღნიშნა ტრამპმა.
Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც უკრაინის მხრიდან რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას და ასევე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების პოტენციური გარანტიების უზრუნველყოფას შეეხებოდა, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს იყო ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების პუნქტი.
„ვფიქრობ, ეს ის პუნქტებია, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ეს ის პუნქტებია, რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით. სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ბევრ რამეზე ვთანხმდებით. შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრა თბილი იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან ვლადიმერ პუტინს „ძლიერი და ძალიან მკაცრი“ ადამიანი უწოდა, მაგრამ განაცხადა, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო.
„ვფიქრობ, რომ დასასრულთან საკმაოდ ახლოს ვართ და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს“, – აღნიშნა ტრამპმა.
