აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაში გაემგზავრა.
CNN-ის ინფორმაციით, Air Force Once-ის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც დონალდ ტრამპი იმყოფება, ალასკისკენ აიღო გეზი.
მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპთან ერთად ალასკაში 16 ოფიციალური პირი გაემგზავრებოდა.
თეთრი სახლის ცნობით, აღნიშნულ პირებს შორის არიან: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლივიტი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, მისი წევრები, ვლადიმერ პუტინის გარდა, იქნებიან : რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი.
ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს დღეს, ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე თბილისის დროით 23:30 საათზე შეხვდებიან. თავდაპირველად ისინი პირისპირ, შემდეგ დელეგაციების მონაწილეობით ისაუბრებენ.
