აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა. მისი თვითმფრინავი Air Force One ენდრიუსის გაერთიანებული ბაზიდან ალასკისკენ უკვე გაფრინდა.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, თბილისის დროით, 23:30 საათზე, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
კრემლის თანახმად, შეხვედრა დაიწყება პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრით, თარჯიმნების მონაწილეობით, ამის შემდეგ – მოლაპარაკება გაგრძელდება სამუშაო საუზმის ფორმატით, რომელშიც პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ორივე მხრიდან 5-5 წარმომადგენელი.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი – ანდრეი ბელოუსოვი და ფინანსთა მინისტრი – ანტონ სილუანოვი, ასევე სპეციალური წარმომადგენელი უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
რაც შეეხება აშშ-ს, თეთრი სახლის თანახმად, მათ ეყოლებათ 16-კაციანი დელეგაცია, მათ შორის კი იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
სამიტზე, რომელზეც, კრემლის თანახმად, დღის წესრიგის “ცენტრალური თემა იქნება უკრაინის კრიზისის დარეგულირება”, არ იქნება წარმოდგენილი უკრაინის დელეგაცია. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, შეხვედრის დასრულებისთანავე ის სატელეფონო საუბარს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
14 აგვისტოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წარუმატებლობის შანსი 25%-ია. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია მეორე, უკვე სამმხრივი მოლაპარაკებისთვის საფუძვლის შექმნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა დასრულდეს ხანგრძლივი ომი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება, თუ შეხვედრა შედეგს ვერ მოიტანს.
