აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი სატელეფონო საუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „ორი ძალიან კარგი საუბარი“ იყო.
„პრეზიდენტ პუტინთან საუბარი ძალიან კარგად წავიდა, შემდეგ მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და ავუხსენი, რა მოხდა და რომ ჩემი მიზანია ამ ორი ქვეყნის ერთად შეკრება [მოლაპარაკებების მაგიდასთან]. შემდეგ ჩვენ ვიმუშავებთ ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ შევაჩერებთ კვირაში 2 000 ადამიანის დაკარგვას“, – აღნიშნა ტრამპმა Breitbart News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთ – უკრაინის ომში კვირაში ორი ათასი ადამიანი და მეტი იღუპება და სურს, ეს ომი შეაჩეროს.
„კვირაში ორი ათასი ადამიანი, ან მეტი იღუპება იმ ომში და მინდა შევაჩერო. ასევე მინდა შევწყვიტო მასიური გადახდები, რომელიც აუცილებელია ჩვენს მიერ. ასევე მინდა, რომ ევროპამ იგივე გადაიხადოს, როგორც ჩვენ, რადგან მათ ეს ვერ შეძლეს ბაიდენის დროს და ბაიდენს არასოდეს უთხოვია ეს, რადგან ბაიდენი უკიდურესად არაკომპეტენტური პრეზიდენტი იყო. ჩვენ გვქონდა ორი ძალიან კარგი სატელეფონო ზარი და მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა მოხდება, რათა შევაჩეროთ სისხლისღვრა, რომელიც იქ ხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. გუშინ კი მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა სატელეფონო საუბარი.
