დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ღვთის რისხვად მოევლინნენ ფაშისტ ლიბერალებს. ნელ-ნელა იბზარება და უკვე ჩამოშლის პირასაა ამ უკანასკნელთა მიერ წლების განმავლობაში ნაშენები და ნალოლიავები, ფსევდო-ლიბერალური, ბიბლიის დონემდე აყვანილი ხელშეუხებელი პრინციპები, ლოზუნგები, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ- ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს – „რადიკალი შეშლილები“ და საქართველო“.
„დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ღვთის რისხვად მოევლინნენ ფაშისტ ლიბერალებს. ნელ-ნელა იბზარება და უკვე ჩამოშლის პირასაა ამ უკანასკნელთა მიერ წლების განმავლობაში ნაშენები და ნალოლიავები, ფსევდო-ლიბერალური, ბიბლიის დონემდე აყვანილი ხელშეუხებელი პრინციპები, ლოზუნგები და მესიჯ-ბოქსები, რომლებშიც ეჭვის შეტანასაც კი დიდ მკრეხელობად, უვიცობად და ჩამორჩენილობად წარმოსახავდნენ.
ჯერ კიდევ 2 კვირის წინ შეუძლებელი იყო კითხვის ნიშნების დასმა და მით უმეტეს, იმის უარყოფა, რომ არსებობს მრავალი გენდერი, საშუალო სქესი, რომ ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი, რომ დედა და მამის ნაცვლად არსებობს მშობელი 1 და მშობელი 2, რომ აშშ-ს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ სიკეთეს, სიმართლეს და დემოკრატიას ემსახურებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი და მსოფლიოს გადამრჩენელი რაინდია და ა. შ.
დღეს კი ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული და ამ ხალხის პოზიციების გამხმოვანებელი პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ USAID-ს „რადიკალი შეშლილები“ ხელმძღვანელობდნენ, ხოლო NED-ი თაღლითების და კორუფციის ბუდე ყოფილა. უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე ზელენსკი ჩვეულებრივი სარფიანი და ნიჭიერი ვაჭარია, რომელსაც სხვა ქვეყნებისთვის მილიარდობით დოლარის გამოძალვის საოცარი უნარი გააჩნია, რომ მისი წყალობით უკრაინა ნადგურდება, ხოლო თაღლითი და ნაძირალაა ის, ვინც უკრაინელებს არწმუნებდა, რომ რუსეთს არა მხოლოდ ომს მოუგებდნენ, არამედ როგორც სახელმწიფოს, რუსეთს დაშლიდნენ და მთლიანად გაანადგურებდნენ.
ასევე უცებ აღმოჩნდა, რომ მართალი ყოფილა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მთელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ლიბერალ-ფაშისტურმა ხროვამ ლამის ჯვარს აცვა იმის გამო, რომ კანონით მოითხოვა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ოჯახური ღირებულებების დაცვა, ხოლო მეორე კანონით – საკრალურად მიჩნეული USAID-ის, NED-ის და სხვა დასავლური ფონდების მიერ გაცემული გრანტების ინფორმაციების გასაჯაროება. ეს ყოველივე საქართველოს ხელისუფლებას, ამ ორგანიზაციების კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანად ჩაუთვალეს და ორკესტრირებულად გაილაშქრეს უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.
ამ ყველაფრის გამო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში ისე აქტიურად ჩაებნენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების საელჩოები საქართველოში, რომ ქართველ რადიკალ-ოპოზიციონერებსაც გადაასწრეს თავისი ცინიზმით და ქედმაღლური დამოკიდებულებით. დღეს კი არათუ გაყუჩდნენ და გაჩუმდნენ ქართველი და „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ რადიკალები, მათი უცხოელი პატრონები, არამედ პატარა ფინიებივით უკანა ფეხებზე შედგნენ აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე და ერთ მსუბუქ შეყეფვასაც ვერ უბედავენ მათი კერპების მსხვრევით დაკავებულ ტრამპს და მის გარემოცვას.
ასე გაიშიფრნენ „პატრიოტობას თავშეფარებული“ ეს ნაძირალები და გამოჩნდა, რომ ისინი „თავისუფლებისთვის“ კი არა, „ფულისუფლებისთვის“ მებრძოლები ყოფილან. მათ წინ კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი ელით მანამ, სანამ დარწმუნდებიან, რომ დემოკრატია სწორედ უმრავლესობის ხელისუფლებაა და რაც უნდა დატრენინგებული მეთოდებით ეცადონ უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩინებას, აღქმებით, ემოციებზე თამაშით და ტყუილებით მათ არც ხელისუფლებაში მოუშვებს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა და არც ქვეყანას დაანგრევინებს“, – წერს ნანა კაკაბაძე.