აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად, მეორე სახელმწიფო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა.
„გაერთიანებულ სამეფოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მათ სურთ ნახონ, შეუძლიათ თუ არა სავაჭრო შეთანხმების ოდნავ დახვეწა. დაინტერესებული ვარ, მათ დავეხმარო“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებული ადგილია.
„აქ ბევრი რამაა, რაც გულს მითბობს. მინდა გითხრათ. ეს ძალიან განსაკუთრებული ადგილია“, – აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, უინფილდ ჰაუსში განთავსდა. დღეს მას უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზი და სამეფო ოჯახის წევრების სრული შემადგენლობა უმასპინძლებს, მათ შორის დედოფალი კამილა. ხვალ კი პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან მოლაპარაკებებს გამართავს.
