აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებაა საჭირო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ზელენსკი უნდა იყოს მზად გარიგებისთვის. სულ ეს არის. უნდა იყოს გარიგება. ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავენ და პუტინმაც უნდა დადოს გარიგება“, -თქვა ტრამპმა.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
„ზელენსკის სურს მშვიდობა. ყველას კლავენ. ეს ყველაზე საშინელი სასაკლაოა, რაც კი მსოფლიოს უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მე ვნახე სურათები, სადაც ცხედრებით სავსე მინდვრებია. სამოქალაქო ომის ძველ ფოტოებს ჰგავს, სადაც ირგვლივ მხოლოდ ცხედრებია. ეს სურათები რომ გენახათ, უფრო ძლიერ იგრძნობდით ამას. ეს უნდა შეჩერდეს. და ჩვენ ვცდილობთ ამის შეჩერებას. ჩვენ ვაპირებთ საუბარს პრეზიდენტს პუტინთან, ჩვენ დაველაპარაკებით ზელენსკის, უკრაინის წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. ეს სასაკლაოა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს არ გაუცია პირდაპირი პასუხი შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს რუსეთს ტერიტორია.
„მე ამას გაცნობებთ პირველი შეხვედრის შემდეგ. თუმცა ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი, როდესაც შეხედავთ რა დაემართა, მე ვგულისხმობ, რომ იქ არის ქალაქები, სადაც ერთი შენობაც კი არ დგას. ეს არის ნანგრევები. იქ ერთი შენობაც კი არ დგას. ასე რომ ხალხი ვერ დაბრუნდება ამ ქალაქებში. იქ არაფერი არ არის. უბრალოდ ნანგრევები“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, დასავლეთს არ უნდა მიეცა უკრაინისთვის უფლება, რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმები განეხორციელებინა. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი შეცდომა და სისულელე უწოდა.
„ვფიქრობ, ეს იყო ცუდი და ამან ჩრდილოეთ კორეის ჩართვა გამოიწვია“, – აღნიშნა მან.
ამასთან, შეკითხვაზე, მიიწვია თუ არა მან ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ინაუგურაციაზე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართული შეხვედრისას ზელენსკი ინაუგურაციაზე არ მიუწვევია, თუმცა ისურვებდა, რომ ის მისულიყო.
„თუ მას სურს ჩამოსვლა, მე ვისურვებდი მის ყოფნას“, – აღნიშნა ტრამპმა.