დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა.
სააგენტო „ფრანს-პრესის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების ამოქმედების შედეგად, რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის მიმართ დაწესებული 10%-იანი ტარიფები 15%-დან 41%-ის ფარგლებში გაიზარდა, ხოლო ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების საერთო ოდენობა 50%-ს აღწევს.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან აშშ-ში იმპორტირებულ ბევრ საქონელზე 15%-იანი ტარიფები ამოქმედდა.
აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, სირიიდან იმპორტირებულ საქონელზე 41%-იანი ტარიფები მოქმედებს.
ამასთან, ინდოეთისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფები მომდევნო 21 დღის განმავლობაში შეიძლება 50%-მდე გაიზარდოს, მას შემდეგ რაც გუშინ, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთისთვის დამატებით 25%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
