დონალდ ტრამპის დავალებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჯეფრი ეპშტეინის „დემოკრატებთან“ კავშირებს გამოიძიებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გენერალურ პროკურორ პემ ბონდის, იუსტიციის დეპარტამენტსა და FBI-ში ჩვენს შესანიშნავ პატრიოტებს ვთხოვ, რომ გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობა ბილ კლინტონთან, ლარი სამერსთან, რიდ ჰოფმანთან, ჯეი პი მორგანთან და ბევრ სხვა ადამიანთან და ინსტიტუტთან, რათა დაადგინონ რა ხდებობდა მათ გარშემო. ეპშტეინი „დემოკრატი“ იყო და ის „დემოკრატების“ პრობლემაა და არა „რესპუბლიკელების“!“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
გენერალური პროკურორის, პემ ბონდის ცნობით, გამოძიებას მანჰეტენის ფედერალური პროკურორი, ჯეი კლეიტონი გაუძღვება.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის წარმომადგენელმა, ანხელ ურენამ განაცხადა, რომ „ელექტრონული წერილები ადასტურებს, რომ ბილ კლინტონს არაფერი გაუკეთებია და მან არაფერი იცოდა“.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა, სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ, გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელიც მის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილებს შეიცავს.
დოკუმენტების თანახმად, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს ჟურნალისტი მაიკლ ვოლფისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერს, რომ დონალდ ტრამპმა „გოგონების შესახებ იცოდა“.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა ეპშტეინი, როდესაც წერდა, რომ დონალდ ტრამპმა „გოგონების შესახებ იცოდა“, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ არაფერი იცის“.
„ეს „დემოკრატების“ მოგონილი სიყალბეა. რამე რომ ჰქონოდათ, არჩევნების წინ გამოიყენებდნენ. ეპშტეინსა და მე მრავალი წლის განმავლობაში ცუდი ურთიერთობა გვქონდა. მე მის კუნძულზე არასდროს ვყოფილვარ. სავარაუდოდ, ბილ კლინტონი იქ 28-ჯერ არის ნამყოფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.



